რა მოხდა ბუზმარეთში? - ქრონოლოგია

პუბლიკა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სოფელ ბუზმარეთში კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურების ხელშეშლის მცდელობას გმობს.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემას, რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობას, საქართველოს საპატრიაქროს მხრიდან სხვა კონფესიების ისტორიული ქონების მისაკუთრების პრაქტიკასა და წლების განმავლობაში კათოლიკეების მიერ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობის შეზღუდვას.

ბუზმარეთში მომხდარი დაგმო პარტია „ევროპულმა საქართველომ“. მათი თქმით, „ევროპული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს „ისტორიული უსამართლობის“ დასასრულებლად, რომელიც „ვნებს ქართულ სახელმწიფოს და მიმტაცებლობასა და ქურდობას ქართულ იდენტობად ასაღებს.“

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა რესტიტუციის პოლიტიკის გატარება. ქართველ კათოლიკეებს, ისევე როგორც სხვა, ჩვენთან ისტორიულად არსებულ რელიგიურ ჯგუფებს უნდა დავუბრუნოთ შენარჩუნებული საკულტო ნაგებობები, რომელიც მათ ბოლშევიკებმა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წაართვეს“, – წერია განცხადებაში.

რა მოხდა ბუზმარეთში?

18 მაისს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ზონაში მდებარე შუასაკუნეების პერიოდის ბუზმარეთის ეკლესიაში, მართლმადიდებელი სასულიერო პირი შეეცადა, ქართველი კათოლიკეებისთვის ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება არ მიეცა. კათოლიკე ეკლესია ამ დღეს ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავდა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები კათოლიკეები წირვის გასამართად, ტრადიციულად, წინაპართა სალოცავ ადგილას მიდიოდნენ.

კათოლიკე ეკლესიის ცნობით, 18 მაისს მრევლს სასაზღვრო ზონაში შესვლისთვის შესაბამისი ორგანოებისგან ნებართვა და საშვები ჰქონდა, თუმცა ადგილზე მისულებს ეზოს მთავარი შესასვლელი ჩაკეტილი დახვდათ. მართლმადიდებელი ბერი შეეცადა, ხელი შეეშალა კათოლიკე მორწმუნეებისთვის ტაძრის მიმდებარედ წირვის აღვლენაში.

„სადაც გინდათ, ტყე ამხელა არის და ჩაატარეთ… ამ მანქანას არ გავწევ“, „თქვენი მსახურება ჩვენი ეკლესიისთვის არ არის მისაღები… აქ არ შეიძლება, რომ ეს მსახურება ჩატარდეს“, – მიმართავდა მართლმადიდებელი სასულიერო პირი კათოლიკე მორწმუნეებს.

საბოლოოდ, კათოლიკე მრევლმა ლოცვა ეკლესიის ჭიშკართან აღავლინა.

ბუზმარეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარეობს შუა საუკუნეების პერიოდის ამაღლების სახელობის ეკლესია, სადაც კათოლიკეებს მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში შეეძლოთ მისვლა. 2006-2007 წლებში კათოლიკეებმა ტაძარი აღადგინეს. 2008 წლიდან ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მამათა მონასტერი მოქმედებს. მას შემდეგ კათოლიკეებს ეკლესიაში შესვლის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ. ისინი წელიწადში ერთხელ ამაღლების დღესასწაულზე მიდიან ეკლესიის მახლობლად და გარეთ, ტყეში ლოცულობენ.

როგორ გამოეხმაურა ფაქტს საპატრიარქო?

ფაქტს 19 მაისს საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა და კათოლიკეები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის თქმით, „ინფორმაცია ცალმხრივად და ტენდენციურად გაშუქდა კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელთა მიერ. ამასთან, მასში მართლმადიდებელი სასულიერო პირი დისკრედიტებულად იქნა წარმოჩენილი“. მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკე ეკლესიის ამ დავას „ტაძარზე უსაფუძვლო პრეტენზიას“ უწოდებს და საუბრობს „პროვოკაციებსა“ და „აგრესიაზე“, ისევე, როგორც ეზოში „შეჭრის“ მცდელობასა და „ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სრულ იგნორირებასა და არაფრად ჩაგდებაზე“.

„ბუზმარეთის V საუკუნის ტაძარი არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული ძეგლი, რომელთანაც არავითარი კავშირი არ აქვს კათოლიკურ ეკლესიას. კათოლიკური ეკლესია, როგორც ცალკე ერთეული, XI საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას, ამიტომ გაურკვეველია 6 საუკუნით ადრინდელი ტაძრის კონფესიურ კუთვნილებაზე დავა. ბუზმარეთში ფუნქციონირებს მართლმადიდებლური მონასტერი და მოღვაწეობენ მართლმადიდებელი ბერ-მონაზვნები.

მრავალი წელია ადგილობრივი კათოლიკური თემი აცხადებს უსაფუძვლო პრეტენზიას ამ ტაძარზე. ყოველ წელს განსაკუთრებული აგრესიითა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით თუ ქმედებებით ცდილობენ, ჩაატარონ ლოცვითი მსახურება. პროვოკაციებს თან ახლავს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის სრული იგნორირება და არაფრად ჩაგდება. ამჯერადაც სწორედ ასეთ გამომწვევ ქმედებას ჰქონდა ადგილი. ისინი ლამობდნენ მონასტრის ეზოში შეჭრას და მსახურების ჩატარებას. თუმცა, როცა ეს ვერ მოახერხეს, შემდეგ არამართებულ ადგილას, მონასტრის გამოსასვლელ გზაზე, კარიბჭესთან მაინც ჩაატარეს მსახურება“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო იმედოვნებს, რომ „ჩვენს ეკლესიებს შორის კვლავ მშვიდობას და იმ სტატუს-კვოს შევინარჩუნებთ, რაზეც ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება.“

კათოლიკე ეკლესიის პასუხი საპატრიარქოს

19 მაისს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ საპატრიარქოს ოფიციალური წერილით უპასუხა.

ეკლესიის თქმით, კათოლიკეები ლეგიტიმურ პრეტენზიას აცხადებენ  ბუზმარეთის ტაძარზე, რადგან ამ საყდრის  მოლოცვის ადათი წარსულში იღებს სათავეს და კათოლიკეებს ის არასოდეს მიუტოვებიათ. ასევე, მათი ცნობით, 2006-07 წლებში კათოლიკე მორწმუნეთა – უდელი წარმოშობის ორი ოჯახის – სახსრებით და შრომით აღდგა ტაძარი.

გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ 18 მაისს საუბარი იყო არა ტაძრის შიგნით ან ტაძრის ეზოში წირვაზე (როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი), არამედ ტაძრის ეზოს გარეთ, ადგილზე, სადაც შარშანაც აღევლინა წირვა. კათოლიკე ეკლესიის განცხადებით, სანამ ამ ადგილზე მართლმადიდებლური მონასტერი დაარსდებოდა, კათოლიკური წესით წირვა ნასაყდრალზე უკვე აღევლინებოდა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ტექსტში არაკეთილმოსურნე შინაურის მიზეზით გაპარული ასეთი ფრაზა: „კათოლიკური ეკლესია, როგორც ცალკე ერთეული, XI საუკუნიდან იწყებს ჩამოყალიბებას“, უცნაურ შეცდომად მოჩანს მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბოლო 25 წლის მანძილზე გამონათქვამების ფონზე, ორივე პაპის ვიზიტების დროს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი, ვითომ თეოლოგისგან შეიძლება მოისმინო კიდეც ასეთი აჯამობა, ვერც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია ოფიციალურ ტექსტებში ვერც კი შეჰბედავს რომის საყდარს მსგავს რამეს. ასეთი უვიცობის როშვა მხოლოდ მდარე პრესას თუ ეპატიება. ვიმედოვნებთ, რომ ეს უნებლიე შეცდომა გასწორდება და სამების ტაძრის გუნდის მიერ პაპისათვის ლათინურად ნაგალობები „შენ ხარ პეტრე“ კვლავაც დარჩება საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენის ნამდვილ გამოხატულებად.

[საპატრიარქოს] განცხადებაში ასევე წერია, რომ თითქოსდა ყოველ წელს კათოლიკე მრევლი ბუზმარეთის ტაძარში შეჭრას ცდილობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კათოლიკე მომლოცველები უკვე მრავალი წელია შევიწროებული არიან აქ დამკვიდრებული ბერების მხრიდან. საგულისხმოა, რომ სანამ ამ ადგილზე მართლმადიდებლური მონასტერი დაარსდებოდა, კათოლიკური წესით წირვა ნასაყდრალზე უკვე აღევლინებოდა. საბჭოთა პერიოდშიც ყოველწლიურად იხსნებოდა სასაზღვრო ზოლი ხალხისათვის.

კომუნისტური პერიოდის შემდეგ აქ წირვის აღავლენა განაახლა კათოლიკე სასულიერო პირმა, ვალის მკვიდრმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება აქ მართლმადიდებლური მონასტრის შექმნა, ტერიტორიის შემოღობვა, კათოლიკეთა მიერ აღდგენილი ტაძრის მისაკუთრება და წლიდან წლამდე კათოლიკე მომლოცველთა სულ უფრო მეტად გარიყვა.

რა გასაკვირია აღშფოთების გრძნობა გაუჩნდეს ადამიანს, რომელსაც საკუთარ ტაძარში არ უშვებენ. „უსაფუძვლო პრეტენზია ამ ტაძარზე“ – როგორცაა ნათქვამი განცხადებაში – უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ საფუძვლიანი პრეტენზია უდის, ივლიტის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის ეკლესიების შემთხვევაში სამართლიან გამოძახილს პოვებს ამ ტაძრებში ამჟამად მლოცველთა გულებში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში არაერთი კათოლიკური ტაძარია ქართველი მართლმადიდებლების განკარგულებაში, გააჩენს იმ აბსურდის ცოცხალ განცდას, რისი მოწმენიც ყოველწლიურად ვხდებით ხოლმე ბუზმარეთში? და არც კი გვრცხვენია ქრისტიანებს ორიათასი წლის შემდეგაც ერთმანეთს ასე რომ ვექცევით? კარგად ვამოწმებთ ჩვენი უფლის რწმენას…“, – წერია ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.სადავო ტაძრები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სადავო ტაძრების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, ბუზმარეთის ეკლესია ერთ-ერთია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული იმ ეკლესიებიდან, რომელთა რესტიტუციასაც ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია ითხოვს.

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, სხვა რელიგიური გაერთიანებების მსგავსად, მნიშვნელოვანი რელიგიური ქონება დაკარგა კათოლიკე ეკლესიამაც. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფომ ჩამორთმეული ქონება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, სხვა ისტორიულ მესაკუთრეებს არ დაუბრუნა. მართლმადიდებელ ეკლესიას კი, მისი საკუთრების გარდა, გადაეცა სხვა რელიგიური გაერთიანებების ისტორიული ქონებაც, რომლებითაც დღემდე სარგებლობს და უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე.

TDI-ის ინფორმაციით, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია საქართველოში ექვსი ტაძრის რესტიტუციას ითხოვს. ეს ტაძრები მდებარეობს გორში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდესა და ბუზმარეთში, ქუთაისსა და ბათუმში. ისინი დღეის მდგომარეობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია.

კათოლიკე ეკლესიის ისტორიული ქონება საქართველოში (ბუზმარეთის გარდა), TDI-ზე დაყრდნობით ასეთია:

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარიბათუმელი კათოლიკე მრევლისა და მეცენატ სტეფანე ზუბალაშვილის დახმარებით 1897- 1902 წლებში აიგო. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა. 80-იანი წლების ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა. 1989 წლიდან ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. ეკლესიაში კათოლიკეებს წირვა-ლოცვის ჩატარების შესაძლებლობა არ ეძლევათ. კათოლიკე ეკლესია მის კონსერვაციასა და ისტორიული იერსახის შენარჩუნებას ითხოვს, თუმცა – უშედეგოდ. ეკლესიის ნეოგოთიკური არქიტექტურა, სიმბოლიკა და ყველა მახასიათებელი მიუთითებს მის კათოლიკურ წარმომავლობაზე. 

ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია – 1800 წელს მეფე სოლომონ მეორემ კათოლიკე მისიონერებს ქუთაისში მიწის ნაკვეთი გადასცა. უბიწო ჩასახვის კათოლიკური ტაძრის მშენებლობა 1826 წელს დაიწყო და 1862 წელს დასრულდა, ხოლო 1939 წელს კომუნისტებმა დახურეს. 1990 წელს ტაძარი საკუთრებაში გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და დღეს ხარების ეკლესიად მოიხსენიებენ.

კათოლიკური ტაძარი გორში  – აშენდა 1806-10 წლებში, საბჭოთა პერიოდში კი გორის სამუსიკო სკოლად გადაკეთდა. 1950 წელს ეკლესიის კედლები შეათეთრეს და დააზიანეს მოხატულობა. 1990 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაა. იცვლება ეკლესიის იერ-სახე.

ტაძარი სოფელ უდეში – 1904-1906 წელს სოფელ უდეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი), სოფლის მკვიდრ სიმონ ჭილაშვილის თაოსნობით, კათოლიკური ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ხარჯები სოფელმა გაიღო. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იან წლებში ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრება გახდა. მან მნიშვნელოვნად შეცვალა ეკლესიის იერ-სახე. მაგალითად, 2012 წელს, კათოლიკურ ეკლესიაში ადგილობრივმა მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ტაძრის გუმბათის სარემონტო სამუშაოები თვითნებურად ჩაატარეს.

ტაძარი სოფელ ივლიტაში – ახალციხის სოფელ ივლიტას ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური ეკლესია XVII-XIX საუკუნეებით თარიღდება. 1991 წლიდან იგი მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. 1999 წელს მოანგრიეს კათოლიკური საკურთხეველი და მის ქვეშ არსებული კათოლიკე მისიონერის საფლავი. კათოლიკე სასულიერო პირებს წლებია, არ ეძლევათ აქ ღვთისმსახურების შესაძლებლობა. ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.