„არავინ იცის როდის ჩაწყდება“ - საფრთხის შემცველი ლიფტები ქალაქში

სალომე გორგოძე
  • 2020 წელს გლდანის მე-3 მიკრორაიონში 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა. როგორც მოსახლეობა ჰყვებოდა – ლიფტის კარი გაიღო, კაბინა კი ბავშვს არ დახვდა. ბავშვი გადარჩა.

  • 2020 წელს ბახტრიონის 6 ა-ში ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად ოთხი მოქალაქე დაშავდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.

  • 2020 წელს თემქაზე ე.წ. არაშენდას კორპუსის ლიფტი ჩავარდა – ლიფტში 6 ადამიანი იყო, რომელთა შორის იყო ბავშვიც. ყველა გადარჩა.

  • 2023 წელს ვაზისუბანში ლიფტის შახტში 2 ადამიანი ჩავარდა, ცოლ-ქმარი. ორივე მათგანი დაიღუპა.

  • 2023 წელს ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა – მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია.

თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უმეტესობას ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს. ასევე, როგორც უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ,  მათ უმეტესობას უსაფრთხოების შემოწმების მიზნით წლების განმავლობაში არ გაუვლია ტექნიკური ექსპერტიზა.

დღესდღეობით არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც აღწერდა ექსპლუატაციის ვადა გასული ლიფტების რაოდენობას; ან ბოლო წლებში რამდენმა ლიფტმა გაიარა ტექნიკური შემოწმება და ა.შ.

უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, თბილისში ლიფტების უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ძველი ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა წლებია, უკვე გასული აქვთ, ყოველწლიურად მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ხდება. არსებული პრობლემის მოგვარება კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მოსახლეობის – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მოხერხდება.

სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში, რომლებიც ცალკეულ რაიონში მცხოვრებ ათასობით მოსახლეს აერთიანებს, ხშირად იწერება ხოლმე ლიფტებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, იქნება ეს სახიფათო შემთხვევების აღწერა თუ ძველი და გაფუჭებული ლიფტის შესახებ ადგილობრივი გამგეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და დახმარების თხოვნა.

ერთ-ერთი ასეთი ჯგუფია – „გლდანის მთავარი ჯგუფი“, რომელშიც 36 ათასზე მეტი მოსახლეა გაერთიანებული. ჯგუფში ხშირად შეხვდებით მოსახლეობის პოსტებს ლიფტებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. კერძოდ, მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა აღწერს დაძველებულ ლიფტებთან დაკავშირებულ სახიფათო შემთხვევებს, რომელსაც გადაურჩნენ; იმას, რომ ხშირად შიშით თავს არიდებენ ლიფტით მგზავრობას. ეს კი მაღალ სართულებზე მცხოვრები მოხუცებისთვის, რომლებსაც კიბით გადაადგილება არ შეუძლიათ, განსაკუთრებით პრობლემურია.

„პუბლიკა“ გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონში, სხვადასხვა მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრებ ათამდე მოსახლეს ლიფტთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ესაუბრა:

„ცხრასართულიანი კორპუსია, მაღლა სართულზე მცხოვრები მოხუცები დაბლა ვერ ჩადიან, ეშინიათ. მოძრაობისას ლიფტი ისე ჭრიალებს და ისეთ ხმას გამოსცემს, მეც მეშინია ხოლმე, 80 წლის დეიდა მყავს და გარეთ ვერ გაგვიყვანია..“. (21-ე კორპუსი, მეხუთე სადარბაზოში მცხოვრები)

 

„რამდენჯერმე ნახევარზე ასული უკან ჩავარდა, მადლობა ღმერთს, მაშინ არავინ დაშავებულა, მაგრამ ყველას გვეშინია. ერთი შემთხვევა შარშან ზაფხულში იყო, ამ ზამთარშიც იყოს ჩავარდნის შემთხვევა, ორ კაცზე მეტი ვერ შედის, ვარდება. საშინელებაა, მიმავალი ლიფტის კარი იხსნება ან ჩერდება სართულებს შორის…“. (მე-8 მიკრორაიონი, 13 კორპუსი, მეორე სადარბაზოში მცხოვრები)

 

„ლიფტი 35 წლის ან მეტისაა, კაპიტალურად არასდროს შეკეთებულა. სარისკოა, არავინ იცის როდის ჩაწყდება. კარი მორყეული აქვს, დროდადრო ჩერდება სართულებზე, გვეშინია მგზავრობის, შიგნით ყველაფერი ირწევა. მე სულ შიშით ვმგზავრობ. მე-15 სართულზე ვცხოვრობ, ბავშვები ბაღში დადიან, დღეში რამდენჯერ მიწევს გარეთ გასვლა, ლიფტი ხშირად ფუჭდება…“. (მე-2 მიკრორაიონი, 32 კორპუსი, მეორე სადარბაზოში მცხოვრები)

ზოგიერთი მოსახლე, რომლებსაც „პუბლიკა“ ესაუბრა, გვეუბნება, რომ მათი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ უკვე მიმართა გამგეობას განცხადებით და პასუხს ელოდებიან. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ „დიდი რიგია და განცხადების დაწერას აზრი არ აქვს“, ზოგიერთი კი გვეუბნება, რომ გამგეობისგან პასუხი უკვე მიიღეს და სპეციალისტების მოსვლას ყოველდღე ელოდებიან.

ვისი პასუხისმგებლობაა ლიფტის მოვლა-პატრონობა?

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლიფტი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია 3 წელიწადში ერთხელ ჩაუტაროს ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება. თუ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ლიფტი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია ისარგებლოს თბილისის მერიის, კერძოდ, რაიონების ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“.

ამისათვის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის რაიონულ გამგეობას (განცხადებას თან უნდა ერთოდეს აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნა); გამგეობა მიიღებს გადაწყვეტილებას აკრედიტებული ორგანოს ექსპერტიზის დასკვნის, ამხანაგობის პრიორიტეტებისა და არსებული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით. გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.

გვანცა დოლიაშვილი გლდანის რაიონში ე.წ. კონიაკის დასახლებაში ილორის ქუჩა 22-ში მდებარე 8-სართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარეა. მათ კორპუსს სამი სადარბაზო აქვს და 77 მოსახლე ჰყავს. გვიყვება, რომ კორპუსი 1969 წელს აშენდა, მას შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ გამოიცვალა კორპუსში არსებული ლიფტების ნაწილები. 17 წლის განმავლობაში ლიფტი საერთოდ არ ჰქონიათ, მერე მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით აღადგინა, თუმცა მისი უსაფრთხოება აღარავის შეუმოწმებია წლების განმავლობაში.

გვეუბნება, რომ 7 წელია, ამხანაგობის თავმჯდომარეა, გამგეობას განცხადებით სამი წლის წინ მიმართა. გვიყვება, რომ თავდაპირველად გამგეობიდან მისულმა სამუშაო ჯგუფმა ლიფტების უსაფრთხოება შეამოწმა. პირველი სადარბაზოს ლიფტი მომეტებული საფრთხის გამო სრულად გამოიცვალა, დანარჩენი ორი – შეაკეთეს. პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად მოხდა და სულ 3 წელი დასჭირდა.

„პუბლიკამ“ თბილისის მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია – რამდენი ამხანაგობაა რეგისტრირებული გამგეობებში; რამდენმა ამხანაგობამ მიმართა გამგეობებს ბოლო სამი წლის განმავლობაში ლიფტის ტექნიკური სამუშაოების ჩატარების თანადაფინანსების თხოვნით; და რამდენი მიმართვა დააკმაყოფილა გამგეობამ.

თბილისის ათივე გამგეობიდან მიღებული ინფორმაციით, საერთო ჯამში თბილისში დაახლოებით 10 274 ამხანაგობაა რეგისტრირებული. 2020 წლიდან დღემდე ჯამში ლიფტების პრობლემებთან დაკავშირებით ადგილობრივ გამგეობებში მათგან 2 750 განცხადება შევიდა, ამათგან გამგეობამ 1181 განცხადება დააკმაყოფილა. (როგორც მიღებული სტატისტიკური მონაცემები აღწერს, შეკეთებული ლიფტების რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ზოგიერთ შემტხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა რამდენიმე ლიფტს ფლობს)

„მდგომარეობა ლიფტებთან მიმართებით არის ყველაზე მძიმე, თუ შევადარებთ სხვა მომატებული ტექნიკური საფრთხისშემცველ ობიექტებს“, – უთხრა „პუბლიკას“ უსაფრთხოების ექსპერტმა, სანდრო შელიამ, რომელიც კერძო კომპანიის CAI გენერალური დირექტორია. კომპანიას ლიფტებისა და სხვა საშიში ობიექტების უსაფრთხოების გამოვლენა ევალება.

სანდრო შელია განმარტავს, რომ ლიფტებთან დაკავშირებით, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) დაახლოებით 15 ათასამდე ლიფტია, რომელთა უმეტესობაც მოძველებული, საბჭოთა მოდელია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ლიფტების უსაფრთხოების პერიოდულ შემოწმებას ითვალისწინებს, „სამწუხაროდ რეალურად, ეს ასე არ ხდება“, პრობლემა კი დღითი დღე მწვავდება, დაძველებული ლიფტების ჩანაცვლება მასობრივ ხასიათს არ ატარებს, რეაბილიტაციის ცალკეული მაგალითები დროში გაწელილი პროცესია და საერთო სურათზე გავლენას ვერ ახდენს. პრობლემა კი ძირეული და სისტემური მიდგომის გარეშე ვერ აღმოიფხვრება.

„კანონმდებლობის მიხედვით ლიფტი არის განსაზღვრული, როგორც მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი და ის ექვემდებარება პერიოდულ ინსპექტირებას. ეს ვადა ყველა ობიექტზე გაწერილია – 3 წელიწადში ერთხელ. ჩვენი აზრით, ესეც არასაკმარისია, მაგრამ ეს მოთხოვნაც არ სრულდება. დღესდღეობით, ყველა ლიფტის ინსპექტირება რომ რეალურად მოხდეს, მათი უმეტესობა ტექნიკური ხარვეზის გამო იქნება გასაჩერებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უმეტესობა არის სიცოცხლისთვის საშიში, არ მინდა, რომ შევაშინოთ მოსახლეობა, მაგრამ ბევრი მათგანი კი, ნამდვილად საშიშია“, – ამბობს სანდრო შელია.

სანდრო შელიას შეფასებით, მასშტაბიდან გამომდინარე, პრობლემა სისტემურია, რომლის გადაჭრაც ვერ მოხდება ინდივიდუალური მოსახლის, ბიზნესის თუ ცალკეული ამხანაგობის დონეზე და სწორედ ამიტომაა საჭირო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ამ პროცესის კოორდინაციაში, რადგან მას მეტი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი აქვს.

„კანონმდებლობით ეს ლიფტები გადაეცა ამხანაგობებს, სახელმწიფომ უთხრა თითოეულ ამხანაგობას, რომ ეს ლიფტი არის თქვენი საკუთრება, შესაბამისად, თქვენ ხართ ვალდებული იმაზე, რომ უზრუნველყოთ უსაფრთხოება. ეს იქნებოდა ნორმალური მიდგომა, რათა ჩვენ კანონის აღსრულება დაგვეწყო გამართული მდგომარეობით, საწყისი წერტილი ყოფილიყო შემოწმებული და უსაფრთხო ლიფტები. ამის შემდეგ კი ამხანაგობებს დაევალებოდათ, უზრუნველყონ ლიფტის პერიოდულად ინსპექტირება, მოვლა-პატრონობა.

როცა ლიფტი ნორმალურ მდგომარეობაშია, მისი მოვლა-პატრონობის ხარჯები არ იქნება ისეთი, რომელსაც ვერ გასწვდება, მაგალითად, ოჯახებისგან შემდგარი ამხანაგობა. იმავე თანხაზეა საუბარი, რაც დღეს, მაგალითად, ზოგ ადგილას ხურდების სახით გროვდება, იმისათვის, რომ ლიფტი გამართულად მუშაობდეს“, – ამბობს სანდრო შელია და განმარტავს, რომ პრობლემა სწორედ ისაა, რომ ქალაქში არ არსებობს ამგვარი „საწყისი მდგომარეობა“.

ქალაქის რეალობა არის მოძველებული, საბჭოთა დროინდელი ლიფტები,- ამბობს სანდრო შელია და მისი შეფასებით, თუკი მართლა მივყვებით კანონის სრული სიმკაცრით აღსრულებას, „მაშინ ლიფტების სრული უმეტესობა უნდა გაჩერდეს“. მისი თქმით, სწორედ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს, მთავრობამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი, რათა მოკლე ვადებში ხელმისაწვდომი გახადოს მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ლიფტების აღდგენის პროცესი.

როგორი შეიძლება იყოს გამოსავალი? უსაფრთხოების ექსპერტი ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა შესაძლოა იყოს მერიის ეგიდით ჩატარებული მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქალაქში არსებული ყველა ლიფტი შემოწმდება, რათა პირველ რიგში იდენტიფიცირდეს საშიში ლიფტები, მოხდეს მათზე მყისიერი რეაგირება, რათა გამოირიცხოს უბედური შემთხვევების რისკი.

მომდევნო ეტაპი უნდა იყოს სახელმწიფოს დახმარებით განხორციელებული მასობრივი საბითუმო შეკვეთა იმ ნაწილების, რომლებიც საჭიროა ლიფტის გასამართავად. ამის შემდგომ კი, სანდრო შელიას თქმით, ფინანსური ინსტიტუტების დახმარებით შესაძლებელია მოხდეს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი განვადება მოსახლეობისთვის, რაც გულისხმობს, მოსახლეობის მხრიდან ლიფტების განახლებისთვის მცირე, მათთვის ხელმისაწვდომი ხარჯის დაფარვას.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ყველა ლიფტის პირველადი შემოწმება ჩატარდეს და უსაფრთხოების თვალსაზრისით იდენტიფიცირდეს განსაკუთრებით საშიში ლიფტები, რამდენიმე მილიონი ლარია საჭირო. იმისათვის, რომ უსაფრთხოების ინსპექტირება ჩაუტარდეს პიფტებს,  თითო ლიფტის ინსპექტირება დაახლოებით 200-300 ლარის ფარგებში დაუჯდება მთავრობას. „თუ გადავარჩენთ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს, დროულად იდენტიფიცირებული საფრთხის აღმოჩენით, ამ თანხის გაღება ამად ნამდვილად ღირს“,- ამბობს სანდრო შელია.

„ერთად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ სახელმწიფომ ამაში უნდა ითამაშოს მთავარი, წამყვანი როლი. მან უნდა უზრუნველყოს ამ პროექტის კოორდინირება. მოსახლეობამაც უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, თავიანთი წვლილი შეიტანოს ფინანსების კუთხით; მომსახურების კომპანიებმაც, ჩვენი ტიპის კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ შემოწმებაში და ა.შ. მაგრამ სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე, უბრალოდ იმის თქმა, რომ კანონში წერია, რომ ამხანაგობებს ეკუთვნის ლიფტი და ჩვენ ხელები დაგვიბანია, ასე არ გამოვა“, – ამბობს სანდრო შელია.