„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე მოძალადეებს „ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა, დააჯერეს, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა სამოქალაქო აქტივიზმია”.
„პირველ რიგში, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე, რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ…
ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს. აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ეს არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე, უწმაწურ სიტყვებს ეუბნებოდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება….
ხდება არამარტო ძალადობის წახალისება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ყველამ დაიჯერა, ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე. ისინი დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, NGO-ებმა, ელჩებმა დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი, ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს უნდა შეიგნოს ყველამ. არავითარი კავშირი არ აქვს ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმთან”, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა ნინო წილოსანის განცხადებაზეც, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ „წითელი ხაზია „მოღალატისა“ და „რუსეთუმეს“ ძახილი”.
კობახიძემ პასუხად თქვა, რომ „პასუხს მიიღებს ყველა”.
„პასუხს მიიღებს ყველა, ვინც… ძალადობაზე არ არის საუბარი. პასუხს მიიღებს ყველა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივ პასუხს, ვინც ცდილობს საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი პატრონებით, NGO-ებით ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია… მე შემიძლია თავი დავდო იმაზე, ვისაც ვეძახი აგენტს, შემიძლია თავი დავდო თითოეულ მათგანზე, რომ ისინი არიან აგენტები”, – აცხადებს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – არის თუ არა მიშა მშვილდაძე აგენტი – კობახიძემ უპასუხა, რომ:
„მიშა მშვილდაძე არის რიგითის რიგითი, მაგრამ ზურა ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, უცხოელი აგენტია. არიან ადამიანები, რომლებიც არიან უცხოელი აგენტები და მათ თავიანთი სახელი უნდა დაერქვათ“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 27 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიშა მშვილდაძე „ფორმულასთან“ ამბობს, რომ უცნობი პირი მოულოდნელად დაესხა თავს და მუშტი სახეში ჩაარტყა. ამის შემდეგ, მშვილდაძის თქმით, ის დაეცა და სანამ წამოდგომას მოახერხებდა, თავდამსხმელი ცდილობდა, რომ ისევ დაერტყა.
გუშინვე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი პარტიის წევრს სცემეს. ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს „ნიღბიანი პირები“ სახლთან დახვდნენ.
დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა გუშინ მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის და მისი კოლეგებისთვის „წითელი ხაზია „მოღალატის“ და „რუსეთუმეს“ ძახილი“ და ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც ამას არ გაითვალისწინებს, მათგან მიიღებს „შესაბამის სიტყვიერ პასუხს“.