საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათვქამია, რომ უწყება გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო – დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით.
უწყების შეფასებით ეს ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას და „სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მიმართავს ამ ნაბიჯს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.“
„აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ასეთი განვითარების ფონზე, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას“,- ნათქვამია განცხადებაში.
უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და „ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ.“
გუშინ, 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო გააზიარა და დაწერა რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს.
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, რათა გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვო, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა და კონსულტაციები გამართოს თბილისთან“,- წერს ზელენსკი.