NAEC-ის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს. იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ბიუროს - PHR

პუბლიკა

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივლა აბიტურიენტმა, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, უარი უთხრეს გამოცდის დანიშვნაზე.

ინფორმაცია ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა, ანა არგანაშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელა. აბიტურიენტის ინტერესებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავს.

„სასამართლოს მივმართეთ განმარტების გაკეთების თაობაზე;  სსიპ შეფასების და გამოცდების ცენტრის წინააღმდეგ მივმართეთ შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით;  უახლოეს საათებში იძულებითი აღსრულების მოთხოვნით მივმართავთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო სისტემასა და კონსტიტუციურ უფლებებს ვერ გავაუქმებინებთ. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს, „რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები.

ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონისა და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა“, – წერს არგანაშვილი.

მე-2 დღეა შიმშილობს დედა, რომლის შვილსაც „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა”, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი უთხრა გამოცდის დანიშვნაზე.

როგორც ინგა ბაშიროვმა სოციალურ ქსელში live-ჩართვისას ისაუბრა. გუშინ მან მთელი დღე „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ შენობასთან გაატარა, დღეს კი აპირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მივიდეს და პროტესტი იქ განაგრძოს.

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს აბიტურიენტის უფლებებს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე.

ორგანიზაციამ 28 ივლისს მიმართა გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

გამოცდების ცენტრში განმარტავენ, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც. უწყებაში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.

„გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია გუშინ, 2 აგვისტოს ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.