ვასო გულეური
საბავშვო მწერალი
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეიდან, 30 აგვისტოდან, სამი დღის მანძილზე, მოსკოვში გაიმართება საბავშვო და ახალგაზრდული წიგნების პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც დსთ-ს ქვეყნების გარდა, საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
თავად ფაქტი, რომ მოსკოვში საბავშვო წიგნების საერთაშორისო ფორუმი იმართება იმ დროს, როცა რუსეთი წელიწადზე მეტია უკრაინაში ხოცავს უდანაშაულო მოქალაქეებს და უკვე ასობით ბავშვია დაღუპული, მორიგი ცინიზმია ამ ქვეყნის მხრიდან. საბავშვო ლიტერატურა სისხლიანი ხელებით არ იწერება!
მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ თითქოს ამ ფორუმში საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
როგორც გუშინვე გაირკვა, „საქართველოს წარმომადგენლები“ არიან თბილისში შექმნილი (როდის და როგორ, ეგ კიდევ ცალკე საკითხია) რუსული ენის ცენტრი „აზბუკა“.
როგორც ამ ცენტრის საიტზე ვკითხულობთ, მათი მიზანია „რუსული ენის გავრცელება და შენარჩუნება“.
თავად ეს ფაქტი, რომ თბილისში შექმნილია მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ღიად აცხადებს ასეთ მიზანს, უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ დაინტერესების საგანი, არამედ მოქმედებისაც. რუსული ენის გავრცელება და შენარჩუნება ქვეყანაში, რომლის მეხუთედი ოკუპირებული აქვს რუსეთს, ღიად მიანიშნებს ამ ორგანიზაციის ზრახვებს, რაც მათი დამპყრობლური სახელმწიფოს ღია პოლიტიკაა. რატომ უნდა ზრუნავდეს რუსული ენის შენარჩუნებაზე ვინმე საქართველოში? რატომ უნდა ავრცელებდეს დამპყრობელი ქვეყნის ენას ოკუპირებულ ქვეყანაში? არ სჭირდება საქართველოს რუსული ენის შენარჩუნებაზე ზრუნვა – აქ სახელმწიფო ენა ქართულია და თუ ვინმემ თავი შემოაფარა ჩვენს ქვეყანას, ნება იბოძოს და ისწავლოს ქართული ენა.
მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ეს ორგანიზაცია საბავშვო ლიტერატურის ფორუმში მონაწილეობას აპირებს საქართველოს სახელით!
ქართულ საბავშვო ლიტერატურას დიდი ისტორია აქვს, იგი საქართველოს ხმაა და არავის აქვს უფლება, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს მისი სახელი.
მეც და ჩემი მეგობრებიც, თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლები, პროტესტს ვუცხადებთ რუსეთში გამართულ ფორუმს და მასში რუსული ორგანიზაციის მონაწილეობას საქართველოს სახელით!
ეს სახელმწიფოებრივი საკითხია და იმედია, დროულად გააკეთებენ განცხადებას სახელმწიფო სტრუქტურები.