ჩუბინიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის ფრენისთვის 34 000 ევრო მამამისმა გადაიხადა

პუბლიკა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების ხარჯი, ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გაიღო.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პირის მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც“, – ამბობს ანზორ ჩუბინიძე.

როგორც ის ამბობს, დავალების გაცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან.

ანზორ ჩუბინიძემ ეს კომენტარი „იმედს“, „პოსტივის“, „რუსთავი 2-სა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა.