ემპათიის მეცნიერება

პუბლიკა

გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოაქვეყნა ნინო ხარატიშვილის მიერ ფრანკფურტში, ლიტერატურული დაჯილდოების 50-ე ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვა – „ემპათიის მეცნიერება“. თარგმანი ეკუთვნის მაია ფანჯიკიძეს.

ემპათიის მეცნიერება 

ნინო ხარატიშვილი

ამას წინათ ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ ტანია მალიარჩუკმა ინგებორგ ბახმანის სახელობის კონკურსის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. მან თავის თავს „გატეხილი ავტორი, ყოფილი ავტორი“ უწოდა, „ავტორი, რომელმაც ენა დაკარგა”. შემდეგ კი დაამატა: „მე შიში გამიჩნდა ენის მიმართ, რომელსაც შეუძლია მილიონობით ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქე, დაარწმუნოს, რომ ადამიანების ხოცვა სამართლიანი საქმეა”.

მის სიტყვებზე დიდხანს ვიფიქრე, თავიდან ვერ ამოვიგდე, რადგან, მართალია, უკრაინიდან არ ვარ და ამ წუთას მაქვს პრივილეგია, უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობდე, ჩემთვის ძალიან ნაცნობია სისასტიკის, დაუსრულებელი, უაზრო ძალადობის, ნიჰილიზმის გარემო, რომელშიც თავს ამოგვაყოფინებს ხოლმე ომი. მე ვარ ქვეყნიდან, რომელიც 70 წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და რომელმაც დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ბრძოლაში გაუგონარი, სისხლის ფასი გადაიხადა და დღესაც იხდის. ჩემს ბავშვობასა და სიყმაწვილეს თან სდევდა რუსული ტანკები და ჯარისკაცები, გაჭირვება, კრიზისები, ძალადობა, სამოქალაქო ომები.

გერმანიაში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, თითქმის არაფერს ვყვებოდი საკუთარ ახალგაზრდობაზე. არ მეგონა, რომ ჩემი გამოცდილების გაზიარება აქ შესაძლებელი იყო, არც ვინმეს შეწუხება მინდოდა და, მით უმეტეს, არაფრის დიდებით არ მინდოდა თანაგრძნობისა და შეცოდების გამოწვევა. ამგვარი გამოცდილების გაზიარება არაფრის მთქმელია. კრიზისებისა და უბედურების დაძლევა ისევე ინდივიდუალურია, როგორც, საბოლოოდ, თითოეული ადამიანის ბიოგრაფია. ზოგი გაძლიერებული გამოდის მსგავსი მდგომარეობიდან, ზოგი კი – პირიქით და ვერასდროს გავიგებთ, რა დაგვემართება, სანამ თავად არ აღმოვჩნდებით მსგავს სიტუაციაში. მეც შეიძლებოდა მათ შორის აღმოვჩენილიყავი, ვინც ვერ შეძლო რთულ დროს გამკლავებოდა, რომ არა ორი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელთაც იმ პერიოდს გადამარჩინეს: ჩემი ახალგაზრდა ასაკი და ამდენად, ნაკლებად გააზრება იმისა, რა ხდებოდა ირგვლივ და – წერა.

არ მახსოვს, წერა როდის დავიწყე, მგონია, რომ სულ ვწერდი, თითქოს სულ თან მახლდა წიგნები და რვეულები, რომელთაც შეპყრობილივით ვავსებდი ნაწერით. თბილისში, ჩემს ბინაში, უთვალავი რვეული მაქვს, შიგ ჩახედვას ვეღარ ვბედავ, მხოლოდ ის ვიცი, რომ იქ სულ გამოგონილი ამბები წერია, ჩემი ნაწერი ყოველთვის ფიქცია იყო, არასოდეს ყოფილა ავტოფიქცია, რადგან მგონია, რომ მაშინ ქვეცნობიერად მამოძრავებდა სურვილი, სხვა ფერებში ჩამეძირა უსახური რეალობა, სხვა პიროვნება გავმხდარიყავი.

თუმცა, მაშინ, 12-13 წლის რომ ვიყავი, ეს სურვილი უფრო მწველი იყო. უფრო ინტენსიურად ვწერდი, რადგან ომითა და კრიზისებით მოცულ ქართულ რეალობაში, მოზარდებს არც გასაქცევი ადგილი გვქონდა და არც გასართობი. დენის მუდმივი წყვეტის გამო ტელევიზორიც კი იშვიათ ხილს წარმოადგენდა. სხვა რა გზა მქონდა, ვკითხულობდი. ვკითხულობდი, რადგან ბებიაჩემს უამრავი არაჩვეულებრივი წიგნი ჰქონდა სახლში, ლიტერატურას აღმერთებდა, თუმცა, თავად მეცნიერი იყო. გაუთავებლად ვკითხულობდი და შემდეგ გაუთავებლად ვწერდი, არავითარი ამბიცია არ მქონია, არც კი მიოცნებია ავტორობაზე, ვწერდი, რადგან ეს ისეთივე ჩვეულებრივი საქმიანობა გახდა ჩემთვის, როგორც ჭამა ან ძილი. წერა კი იმიტომ დავიწყე, რომ ერთ დიდ საიდუმლოს მივაგენი:

მახსოვს, ერთ მშვენიერ დღეს პურის გაყიდვაზე შეზღუდვა დაწესდა, ტალონები შემოიღეს და სურსათის მაღაზიებთან უსასრულო რიგები გაიჭიმა. ჩვენ, ბავშვებს, ეს ამბავი, საზრუნავისა და პრობლემებისგან დაღლილი უფროსებისგან განსხვავებით, მოგვწონდა კიდეც. ამიტომ, ხშირად ვდგებოდით რიგში – პურის რიგი გახდა ადგილი, სადაც ათას ჭორ-მართალს გაიგებდი, სადაც ხალხი პოლიტიკაზე დავობდა _ ჩვენ კი ვერთობოდით, ვიცინოდით და ვმხიარულობდით, სანამ უსასრულოდ ვიდექით უაზრო რიგში. ერთ დღესაც ერთმა ჩემმა მეგობარმა ნამდვილი ჩვილისხელა თოჯინა მოიტანა და რადგან ორსულებსა და ბავშვიან ქალებს რიგს უთმობდნენ, გადავწყვიტე, თოჯინასთვის ჟაკეტი ჩამეცმია და გამოგონილი ჩვილის უფროსი დის როლი შემესრულებინა. მეგობარიც მაშინვე ამყვა და რეალობა უცებ გადაიქცა საინტერესოდ, ამაღელვებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ რიგმაც ბევრად უფრო მალე მოგვიწია. იმდენად გავთავხედდით, რომ დაწვრილებით განვიხილავდით ჩვილის პრობლემებს – გაზები აწუხებს და ღამე არ სძინავსო. მარტო ჩვენ კი არ ჩავებით ამ თამაშში, ირგვლივ მყოფებიც ვაიძულეთ, მხარი აებათ და ამგვარად, მართალია, ტყუილით, მაგრამ რეალობა შევცვალეთ (მესამე მცდელობაზე გამოგვიჭირეს და კარგადაც მოგვხვდა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი…).

ამ თამაშმა ერთ ისეთ რამეს მიმახვედრა, რამაც შემდეგ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში: აღმოვაჩინე, რომ გამოგონებით რაღაცის შეცვლა შეიძლება – უფრო საინტერესო, ამაღელვებელი, მრავალფეროვანი შეგიძლია გახადო ცხოვრება – ამის მიხვედრამ წარმოუდგენელი სიხარული მომიტანა და ეს სიხარული დღემდე მომყვება. ეს არის, რისი თქმაც მინდა: წარმოსახვა ხანდახან ერთადერთი გზაა რეალობის ასატანად. წარმოსახვა შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი გზა აბსოლუტური უაზრობისთვის აზრის მისანიჭებლად.

ლიტერატურა არასოდეს მიმიჩნევია თერაპიად. ლიტერატურა ვერაფერს კურნავს და უმეტესად, ვერც კითხვებს სცემს პასუხს. ლიტერატურა ასახავს, ჰყვება, აღწერს, გვიტაცებს, გვაღელვებს, ჭრილობაში ხელს გვიფათურებს, გვიკირკიტებს, გვაფორიაქებს, გვაბრაზებს, გვეხება, მაგრამ უებარი წამალი ნამდვილად არ არის.

მაშ, რა არის წერა, საკუთარი სინამდვილიდან გაქცევა? ალბათ არა. მე არასოდეს მნდომებია ზღაპრების მოყოლა ან მანუგეშებელი რჩევების კრებულების წერა, მარადიულ ბედნიერებასა და იდეალურ პარტნიორს რომ გვპირდებიან, ამ რჩევების მიხედვით თუ ვიცხოვრებთ. როგორც უნდა იყოს აგებული რეალობა, რაც უნდა გამოგონილი იყოს ამბავი, რომელსაც ვყვებით, მაინც საკუთარ რეალობაში მოვადენთ ზღართანს, ფიქციაში მის ექოს გავიგონებთ. თან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 1900 წლის საქართველოზე ვწერთ თუ ტროის ომზე, რასაც ვწერთ, ყოველთვის ჩვენ გვეხება, დღევანდელ დღეს, რაც ჩვენ გარშემოა და რაც გვამოძრავებს. წერას ყოველთვის ისე ვუყურებდი, როგორც ლაბორატორიას, სადაც შემეძლო შევსულიყავი და იმ ამბებში ჩავფლულიყავი, რომლებიც მაწუხებს, მტკივა, მაღელვებს, რომელთაც ვერ ვიგებ, სადაც შემიძლია მიკროსკოპში ჩავიხედო, ყოველი მხრიდან, ყოველი კუთხიდან შევისწავლო საგნები და მოვლენები და უმცირესი დეტალებიც არ გამომეპაროს. სხვათა შორის, ეს პროცესი, რაც უნდა საინტერესო, ინტენსიური და ამაღელვებელი იყოს, შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს სასიამოვნო. არიან ავტორები, რომლებიც მთელ თავიანთ ცხოვრებას გამოშიგნავენ, გამოამზეურებენ და საოცარ ლიტერატურას ქმნიან. მაგრამ მე ამის ნიჭი არ მაქვს. მე მხოლოდ დისტანციისა და ტრანსფორმაციის გზით შემიძლია წერა.

შესაბამისად, ჩემი მიდგომა არასოდესაა ავტობიოგრაფიული. სხვად გადაქცევა არის ჩემი წერის იმპულსის ერთ-ერთი მამოძრავებელი. გარკვეულწილად, ეს თამაშია, თუ გნებავთ, სასცენო თამაში, ოღონდ ფიგურას ჩემს სხეულსა და ხმას კი არ ვაძლევ, რომ სიცოცხლე შეიძინოს, არამედ ჩემს სიტყვებს. და ხანდახან, საუკეთესო მომენტებში, ექსტაზის მდგომარეობაში, რომელიც ზოგჯერ დადგება ხოლმე წერისას, იმდენად ვშორდები საკუთარ თავს, რამდენადაც ამის წარმოდგენა შეიძლება. ვქრები და ვუჩინარდები ყველა გამონაგონი, ყველა შეთხზული ამბის უკან და მაინც ღრმად აქვს გადგმული ჩემში ფესვები ამ გამონაგონს. ისეთ რამეს ვეპოტინები, რაც ჩემში იყო ჩამალული და რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგჯერ ვერ ვიხელთებ.

მაშ, რატომ აღმოჩნდა წერა ჩემთვის გადარჩენის ტოლფასი, თუკი ის არც თერაპიაა, არც გაქცევის საშუალება, არც პასუხი კითხვებზე? კარგად არ მახსოვს, მაშინ რას ვწერდი, თუმცა, მახსოვს, რომ ბევრ რამეს ვიგონებდი, რომ ეს საქმიანობა თანდათან საყრდენად მექცა, ჩემი მეორე ტყავი გახდა, მასში ვძვრებოდი, თუ გარესამყარო კეთილგანწყობილი არ მეჩვენებოდა. მოგვიანებით ამ ფუნქციას ჩემი თეატრალური ჯგუფი მისრულებდა, რომელიც სკოლაში ჩამოვაყალიბეთ, პიესებს ვწერდი და თვითონ ვდგამდი სცენაზე. ძირითადად, სანთლის შუქზე ვატარებდით რეპეტიციებს, სექტას ვგავდით. და მაინც, ეს დრო ძალიან ინტენსიურად მახსენდება. ფერადად. დღეს ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, რანაირად-მეთქი. იქნებ მაშინ საერთოდ არ ვსვამდი ამ კითხვას, მთავარ კითხვას, რომელსაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მუდმივად ვსვამ, რომელიც ისევ გამახსენა ტანიას სიტყვებმა? რისთვის ვწერ, თუ რეალობის ყალიბში მოქცევა და აღწერა შეუძლებელია, თუ მასზე გავლენას ვერ ახდენ სიტყვებით, როცა გგონია, რომ ყველანაირი ჰუმანურობა, ყველანაირი ემპათია, რომელიც ლიტერატურის საფუძველში დევს, გააქრო (ომის) რეალობამ, ყველა ფასეულობა გაანადგურა, რომლისაც გწამდა?

დიახ, ალბათ მაშინ 14-16 წლის მოზარდის თავდაჯერებულობით ვმოქმედებდი. ჩემთვის პროცესი იყო მთავარი, პროცესი მაკმაყოფილებდა, დანარჩენზე კი თვალს ვხუჭავდი. ეს თავდაჯერებულობა, საოცარია, მაგრამ ასაკთან ერთად, მცირდება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. გამოცდილება სიფრთხილეს გვასწავლის, სამყაროს სისასტიკესა და უსამართლობაზე კი თინეიჯერული სიჯიუტითა და რადიკალურობით ვეღარ ვხუჭავთ თვალს. და მაინც, მაინც ვეძებ აზრს, ადრე რომ შეუვალი მეგონა და რომელსაც ტანიასთან უსიტყვო დიალოგში ვუკირკიტებ. მან ხომ ზუსტად ჩემი ეჭვები გამოთქვა, ისევ გამიხსნა ძველი ჭრილობა. მაგრამ მინდა, რომ საპირისპიროში დავარწმუნო ის, და ამგვარად ჩემი თავიც. რადგან ვიცი: ჩვენ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ეს აზრი, თუნდაც მისი ხელახლა გამოგონება დაგვჭირდეს. მე ისევ უნდა ვიპოვო ის, ჩვენ ორივემ უნდა ვიპოვოთ; ყველამ ერთად, სასოწარკვეთილები რომ შევცქერით ტელეეკრანებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, როგორი მყიფეა ჩვენი ცივილიზაციის საყრდენი, ლამის არც არსებობს: გაყინული ტბაა, რომელიც ისე უეცრად ჩატყდება, რომელიც კიდევ ერთხელ ჩატყდა და კოლოსალური, სიკვდილის მომასწავებელი უფსკრული გამოაჩინა. მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ალტერნატივა არ გაგვაჩნია, ყველამ თავისი იარაღით უნდა იბრძოლოს, ჩვენი იარაღი კი სიტყვებია. ფარხმლის დაყრა უფსკრულში ჩავარდნას ნიშნავს – ეს კი დაუშვებელია.

ცოტა ხნის წინ ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ ოსტაპ სლივინსკიმ, მის მშობლიურ ქალაქ ლვივში ბუნკერში გატარებული ღამეების შესახებ მიამბო. მეზობლები იქ პირველად გამოელაპარაკნენ ერთმანეთს, პირველად ისაუბრეს, ერთმანეთი გაიცნეს და დიდი ხნის ჩავლილი რომ იყო განგაში, მერეც შემორჩნენ ბუნკერში და სიმღერაც კი წამოიწყესო.

მაშინვე მივხვდი, რისი თქმა უნდოდა, მეც მახსენდება მაშინდელი დღეები, შიშით შეპყრობილებს ერთად ყოფნა რომ გვინდოდა. ბოლო ომი, რომელიც მე გადავიტანე, 2008 წელს იყო, მაშინაც რუსული ბომბები ცვიოდა ციდან და პირველად მაშინ გამიჩნდა ის მთავარი შეკითხვა, რომლის დასმა ტანიას 15 წლის შემდეგ იმავე მიზეზით მოუწია: რისთვის ვწერ, საერთოდ რა საჭიროა ხელოვნება, რა საჭიროა რამის გამოხატვის მცდელობა, როცა ირგვლივ სამყარო ჭკუიდან შეშლილა და ძალადობა და სიკვდილი ადუმებს ყველაფერ დანარჩენს. და მაინც, ის დღეები ხანდახან მენატრება კიდეც, მწყურია. დიახ, ასე შეიძლება ის გრძნობა აღიწეროს, მაშინ რომ დამეუფლა: ცხოვრების წყურვილი, ადამიანების წყურვილი, სიყვარულის წყურვილი. უპირველეს ყოვლისა კი – ერთად ყოფნის და ერთად დგომის წყურვილი. მახსენდება, როგორ იყრიდნენ თავს განსხვავებული ადამიანები – ნაცნობები და უცნობები – და დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ, ძალიან ინტიმურ, განსაკუთრებულ ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს. ძალიან დიდი ხნის შემდეგ მივხვდი ამ მოულოდნელი გულწრფელობის მიზეზს: არავინ იცოდა, როგორი იქნებოდა ხვალინდელი დღე და დადგებოდა თუ არა ის საერთოდ.

რადგან როდესაც ყველაფერს ფასი ეკარგება, ყველაფერი სათუო ხდება და ეგზისტენციალური შიში გჭამს, მხოლოდ მაშინ აფასებ საგნებსა და მოვლენებს იმგვარად, მანამდე რომ არ დაგიფასებია. სრულიად ბანალური ამბები უცებ იქცევა დიდ მოვლენებად და ყველაფერი გახსენდება, რაც სიცოცხლეს მნიშვნელობას სძენს. ოსტაპი რომ ჰყვება, როგორ ზის ხალხი განგაშის დროს ბუნკერში, სწორედ ასეთი ამბებია, გამოგონილი და განცდილი ამბები, რომლებიც ადამიანს ავიწყებს ფაქტს, რომ სულ რამდენიმე წამში შეიძლება ყველაფერს წერტილი დაესვას, მთელ ცხოვრებას.

ჩვენი სამყარო ასეთი ისტორიებითაა ნაქსოვი. ჩვენ მათ დედის რძესთან ერთად ვიწოვთ. ყველაფერი, რაც ჩვენამდე იყო და რაც, სავარაუდოდ, მერე მოხდება, ჩვენშია ჩაბეჭდილი და სიტყვებისგან ნაქსოვი, უჩინარი ძაფებით გვაკავშირებს ერთმანეთთან. სიტყვები გვაერთიანებს, თუმცა, ხანდახან გვაშორებს კიდეც ერთმანეთს. და მაინც, ეს ის ყავარჯნებია, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, რომელთაც ვეყრდნობით, რომ ერთმანეთს მხარში შევუდგეთ, ხანდახან კი, იმისთვის, რომ გონი არ დავკარგოთ.

სიტყვებისგან კი სხვა რამესაც ვქსოვთ, ისეთ რამეს, რაც, საბოლოოდ, ძალადობის თავიდან აცილების ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალებაა: ემპათიას. როდესაც ერთმანეთს რამეს ვუზიარებთ, ერთი მხრივ, დარტყმის საფრთხეს ვუქმნით საკუთარ თავს, მეორე მხრივ კი, ხელშესახები ვხდებით. ხიდებს ვაგებთ. სხვისი ფიქრი, სხვისი გრძნობა თუ არ გავიგეთ და გავიზიარეთ, ეს უნარი თუ დავკარგეთ, სამყარო ჩემთვის ძალიან ბნელი ადგილი იქნებოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში ამის უნარი გვაკლია და ვერ ვახერხებთ, რომ ფეხქვეშ ნიადაგი გაყინულ ტბად არ გვექცეს.

ცხოვრების ყოველ წამს და ყველა სიტუაციაში რომ შეგვეძლოს ემპათიის გამოვლენა, დედამიწაზე ომი აღარ იქნებოდა. და სანამ ამისთვის არ მიგვიღწევია, ხელოვნების ლაბორატორიებში მოგვიწევს ამ გრძნობის ხელოვნურად გამოყვანა. რადგან არც ერთ სხვა სფეროს ეს ისე კარგად არ გამოსდის, როგორც ხელოვნებას, ხოლო ხელოვნების დარგებს შორის არც ერთი ისე ზუსტად არ ფლობს ამ მეცნიერებას, როგორც ლიტერატურა. ლიტერატურა ემპათიის მეცნიერებაა, ასეც შეიძლება ითქვას.

დიახ, ემპათია არის ალბათ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელსაც ლიტერატურა უძღვნის ადამიანს – მკითხველსაც და მწერალსაც: როდესაც სხვაში აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, როდესაც გავითავისებთ სხვის გრძნობებს – ჩვენც ვიზრდებით, ვმრავლდებით. დამატებით იდენტობას ვიძენთ, ვტოვებთ საკუთარს და ახალ, უცხო სამყაროში ვაბიჯებთ, რომელიც რამდენიმე გვერდის შემდეგ ჩვენად იქცევა. ოღონდ, მაგიურ ადგილს იმიტომ კი არ მივაშურებთ, რომ იქ არარეალური ამბები ხდება, არამედ იმიტომ, რომ იქ გველოდება ყველანაირი შესაძლებლობა და ვარიანტი, რომლის გამოცდასაც ერთი ცხოვრება არ ეყოფა. იქ გვხვდება ყველა გზა, რომელზეც არასდროს გაგვივლია და ყველა გადასახვევი, სადაც არ გადაგვიხვევია და ყველა ის ადამიანი, არასდროს რომ შევხვედრივართ, ყველა ბავშვი, არასდროს რომ გაგვიჩენია და ყველა კაცი და ქალი, არასდროს რომ გვყვარებია. იქ ცხოვრობს ჩვენი მე-ს ყველა ვარიანტი, ვინც შეიძლებოდა ვყოფილიყავით რომელიღაც პარალელურ გალაქტიკაში. იქ დაგვხვდება ადგილები, სადაც არასდროს ვყოფილვართ და იქ არის ყველა ის ქვეყანა, არასდროს რომ აღმოგვიჩენია. სიტყვები იქცევა ისტორიებად და ეს ისტორიები ჩაიღვრებიან და გაივლიან ჩვენში. მოგვდრეკენ, გაგვალღობენ. უჩინარ კვალს დაგვამჩნევენ.

ჰო, ძვირფასო ტანია, ვიცი, სულერთია, რაც უნდა ვთქვა, ბოლოს მაინც უნდა ვაღიარო, რომ სიტყვები ვერაფერს შეაჩერებს, რომ უძლურნი ვართ რეალობის წინაშე, ისევ და ისევ გვიწევს თვალი გავუსწოროთ საკუთარ მარცხს, ისევ და ისევ გვიწევს გამოვტყდეთ, რომ ფეხქვეშ მიწა გვეცლება. მაგრამ თუ წინააღმდეგობა არ გავწიეთ, თუ არ ვეცადეთ, ხიდები თუ არ გავდეთ, სულ დავიკარგებით. უფრო მეტად, ვიდრე ახლა.

შენ ენა დაგიბრუნდება, უფრო მძვინვარე, ბრაზიანი, ფეთქებადი დაგიბრუნდება, ანდა უფრო ჩუმი და რბილი, არ ვიცი, მაგრამ დაბრუნებით ნამდვილად დაგიბრუნდება შენი არაჩვეულებრივი ენა, რადგან როგორც საბჭოთა დიქტატურის მიერ დევნილმა, ნატანჯმა და თვითმკვლელობამდე მიყვანილმა რუსმა პოეტმა მარინა ცვეტაევამ თქვა ერთხელ – „სულ ნაწილებად ვიმსხვრეოდი და ყველა ჩემი ლექსი გულის ვერცხლისფერი ნამსხვრევია”. დღეს შენს სამშობლოს იმ საბჭოთა დიქტატურის მემკვიდრეები არბევენ. წლობით ვსწავლობდი ცვეტაევას ტექსტებს და მგონია, რომ რაზედაც ის ლაპარაკობს, სწორედ ის არის, რაც ჩემთვის განსაზღვრავს ჩვენს მეცნიერებას: ცხოვრებისგან ნაწამებმა და ნათრევმა, ნაბურთავებმა და დამსხვრეულმაც უნდა შეძლო, რომ მთელი შენი გამოცდილება და ტკივილი, სიხარული და აღტაცება ნამსხვრევებივით შეაკოწიწო და ქაღალდზე გადაიტანო.

თავი არ დაზოგო. არ შეუშინდე. მედგრად დაუდგე, დაუპირისპირდე. ყველაფერს გაუძლო, გაუგონარსაც კი. რათა ბოლოს ისევ გავამრთელოთ ადამიანები თავიანთ უსაფრთხო ბინებში, ლამაზ კაფეებში, მზიან სანაპიროებზე და იმ ბნელ ბუნკერებშიც. ჩვენ ყველა გავმრთელდეთ, ვინც ვცოცხლობთ. ყველა, ვინც განვიცდით, ყველა, ვინც ვმარცხდებით, ყველა, ვინც ვიმსხვრევით. დიახ, ჩვენ სულ გვჭირდება გამთელება. ადამიანისგან, ვისაც ვუყვარვართ, ნაცნობი გარემოსგან, აზრიანი საქმიანობისგან, ხანდახან კი წიგნისგან.

P.S. ცოტა ხნის წინ შტუტგარტის ლიტერატურულ ფესტივალზე შენს მოთხრობებს რომ კითხულობდი, გისმენდი და ყელში ბურთი გამეჩხირა, თავი დავხარე, რომ სცენაზე არ მეტირა. არ მინდოდა ყველაფერ იმის გაგონება, გაქცევა მინდოდა. მოგვიანებით, სასტუმროში რომ დავბრუნდი, ჩემში სიმშვიდემ დაისადგურა, ერთი წამით სამყარო გაირინდა. პირველად იყო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ შენი, ჩვენი მთავარი კითხვა არ მიფეთქავდა თავში. რადგან აზრი გაჩნდა, აზრი, რომელიც შენ შექმენი შენი სიტყვებით – შენ დაუბრუნე ხილულობა ენაწართმეულებსა და ჩაფერფლილებს, მკვდრებს კი – ხმა. და ერთი წამით რაღაც გამრთელდა ჩემში. სულ ერთი წამით. თუმცა ეს წამი დიდხანს გაგრძელდება.