ბლინკენი: სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც აფართოებს რუსეთის ომის შესაძლებლობებს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში საუბარია საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ. ბლინკენის თქმით, ქართველ-რუს ოლიგარქს ბრალი ედება ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში რუსული გავლენის გავრცელებაში.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე გამოყოფს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენისთვის რუსეთის სასარგებლოდ”. – წერია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ დამატებითი სანქციები 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს დაუწესა.

განცხადების მიხედვით, აშშ-ის მთავრობა სანქციებს უწესებს პირებს და სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ სანქციების გვერდის ავლაში, აფინანსებენ რუსეთის ომს უკრაინაში და პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკული წარმოების მომავალ გაძლიერებაზე.

სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსული ელიტის ასამდე წარმომადგენელს, ასევე, ინდუსტრიულ ბაზას, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიების მომწოდებლებს. ამასთან სანქციები დაწესდა ვაგნერის დაჯგუფებასთან დაკავშირებულ პირებზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

„ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე სიაში შეყვანილია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო“. – წერია განცხადებაში.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.

ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა – შემთხვევა 2017 წლის 12 მაისს მოხდა. აუდიტორმა თავდასხმა ყოფილი მთავარი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას დაუკავშირა. ქართულმა სასამართლომ ლაშა თორდიას ცემის საქმეში ოთარ ფარცხალაძე გაამართლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე დამნაშავედ ცნეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი. მას 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

2021 წელს „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა განაცხადა, რომ საქართველოში მას დევნიდნენ, ემუქრებოდნენ მისი და ოჯახის სიცოცხლით, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.

გარდა ამისა, 2018 წლის 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფარცხალაძემ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა გაიტაცეს, საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სარდაფში ჩაიყვანეს, სცემეს და დაემუქრნენ.