საბერძნეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო, 30 მარტამდე ქვეყანაში ყველა სახის ღვთისმსახურება შეაჩერა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა twitter-ზე განაცხადა, რომ ეკლესიები მხოლოდ ინდივიდუალური მლოცველებისთვის იქნება ღია. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი – „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას მკაფიო გადაწყვეტილებები სჭირდება”.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის კრება, რომელზეც მღვდელმთავრები 4 საათის განმავლობაში განიხილავდნენ, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონოდა ეკლესიას კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციაში. სინოდმა გადაწყვიტა, ყველა სახის ღვთისმსახურება გაეუქმებინა, საკვირაო წირვის გარდა, რომელიც, წესისამებრ, დილის 7-დან 8 საათამდე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 მარტამდე ყველა სახის ღვთისმსახურება შეჩერდა, საკვირაო წირვის ჩათვლით.