თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონიერად მიიჩნია ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას მიმართ გამოცემული დამცავი ორდერი. გადაწყვეტილება მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ მიიღო.
ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.
„საქმე შეეხებოდა ხატია ჯანაშიას მიერ არასრულწლოვნის ვიდეოს გამოყენებას, დამონტაჟებას და გავრცელებას იმგვარად, რომ საზოგადოებას შეექმნა წარმოდგენა, თითქოს, არასრულწლოვანი საუბრობდა წიგნზე, რომელიც ლგბტქ თემატიკაზეა დაწერილი, რითაც წარმოიშვა საფრთხე არასრულწლოვნის მიმართ კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ორდერი გამოცემული იყო კანონიერად. ორდერი გამოცემულია 9 თვის ვადით. ხატია ჯანაშიას აეკრძალა არასრულწლოვნის გამოსახულების გამოყენება და გავრცელება; ასევე, ყველა სახის მედია საშუალებების (მათ შორის – სოციალური მედიის) და სოციალური ქსელების გამოყენებით, არასრულწლოვნის შესახებ საუბარი“, – აღნიშნა PHR-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრორუსული ძალადობრივი ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერის, ხატია ჯანაშიას წინააღდმეგ, ბავშვის მიმართ დამცავი ორდერი 21 ივლისს გასცა.
ჯანაშიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეო, სადაც არასრულწლოვანის კადრები სულ სხვა კონტექსტში იყო გამოყენებული.