„საბოტაჟი არ შედგა“ - კობახიძე სებ-ში საბჭოს წევრების არჩევაზე

პუბლიკა

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, გაიგო, რომ პრეზიდენტთან გუშინ იბარებდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს და კანდიდატურაზე უარის განცხადებას სთხოვდნენ.

მისი თქმით, „პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი“ ყველას და ყველაფრის კონსტიტუციური ჩარჩოდან გაყვანასა და მიზანმიმართულ საბოტაჟს ცდილობს. ამის თავიდან ასაცილებლად კი უმრავლესობამ კანდიდატების მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

„საგანგებოდ შევიკრიბეთ საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევასთან დაკავშირებით და მინდა, განვმარტო – პრინციპში განმარტება გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად შემოგვთავაზეს. გახსოვთ, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, გაეწვია კანდიდატურები, რის უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ გაიწვევდა. შემდეგ, ასევე დილით, კომიტეტზე მოვიდა საპარლამენტო მდივანი და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო, მოგვიანებით განხილულიყო საკითხი.

აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესში – რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის – იყო კიდევ ერთხელ კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი. მათი გათვლაა, რომ წლის ბოლოსთვის საბჭოში დარჩებოდა მხოლოდ სამი წევრი და ასეთ დროს ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას. როცა ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს, რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ, ყველაფერი და ყველა გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან. კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია, რაც არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.

მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, გუშინ პრეზიდენტთან იბარებდნენ ამ კანდიდატებს და მოსთხოვეს  განცხადების დაწერა უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რაღა უნდა იყოს? …ორი კანდიდატიდან ერთს აქვს მონაყოლი ეს ისტორია და ამ მონაყოლზე მე მომაწოდეს ინფორმაცია… როდესაც გქვია საქართველოს პრეზიდენტი, არ შეიძლება, დახვიდე სალომე სამადაშვილამდე. სხვების გვარები არ მინდა, ჩამოვთვალო“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკს.

პლენარულ სხდომაზე კენჭის საყრელად საკითხის გატანამდე კანდიდატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს და უარყოფითი დასკვნა სხდომისთვის წარსადგენად მოამზადეს.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანდიდატები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე კანდიდატების წარდგენა.