GDI „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანება. ორგანიზაციაში მიაჩნათ, რომ კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, იქნება შეკრების თავისუფლების დარღვევის და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიის ახალი იარაღი.
„GDI-ის პოციზიით, დაგეგმილი კანონპროექტის მიღებით გაიზრდება დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებაში ხელისუფლების მიერ თვითნებურად ჩარევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ წარსულში დაფიქსირებულა არაერთი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს უკანონოდ არ მისცეს კარვების გამართვის შესაძლებლობა.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა ისედაც უშვებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სხვათა უფლებების დასაცავად და ადმინისტრაციული ორგანოს შეუფერხებლად საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ამ პირობებში, GDI მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება რეალურად ემსახურება არა რაიმე საჯარო ინტერესს, არამედ ქმნის აქციის მონაწილეთა დასჯის დამატებით ბერკეტს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე.
როგორც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ისე ეროვნული სასამართლოებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, შეკრების თავისუფლებით დაცული სფერო მოიცავს შეკრების დროის, ადგილის და ფორმის არჩევას, მათ შორის, კარვის/დროებითი კონსტრუქციის დადგმას. რაც შეეხება ამ უფლების შეზღუდვას, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, კარვის ან სხვა კონსტურქციის მოწყობის შეზღუდვა შესაძლებელია, როცა ხდება ტრანსპორტის სავალი ნაწილის სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს შენობის ბლოკირებისა და საქმიანობის შეფერხების პრევენციისთვის, შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და შეზღუდვის კანონირებისა და კონსტიტუციურობის მოთხოვნათა დაცვით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი.
ამდენად, დაგეგმილი კანონპროექტით კანონმდებლობას დაემატება შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ახალი საფუძვლები, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, ზრდის ამ უფლების დარღვევის რისკს. საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო შევიწროვდება პროტესტის თავისუფლად გამოხატვის სივრცე, რომლის შესამცირებლად უკვე განგრძობითად და ბოროტად გამოიყენება ადმინისტრაციული მართლმსაჯულება – სამართალდამცავთა მიერ თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებები და საპროცესო გარანტიებთან შეუსაბამო სასამართლო პროცესები. შესაბამისად, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააგრძელებს შეკრების თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის ტენდენციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კვირის ბოლომდე კანონად აქცევს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კანონპროექტი დაარეგულირებს შეკრების და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობას, თუ ის საფრთხეს უქმნის მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც აიკრძალება, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ნორმების დარღვევა აქციის მონაწილის შემთხვევაში გამოიწვევს 500-ლარიან ჯარიმას ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას. აქციის ორგანიზატორის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა იქნება 5000 ლარი.