შესწორება: მასალის თავდაპირველი სათაური („კობახიძე კარვების კანონზე: პრეზიდენტთან არ გაიგზავნება, ძალაში მისი ხელმოწერის გარეშე შევა“) შეიცვალა, რადგან აღმოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძემ იხუმრა.
სამთავრობო არხმა, „იმედმა“ გაავარცელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს, რომელიც აქციებზე კარვებისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენებას ზღუდავს, პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაუგზავნიან.
„გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამას ირაკლი კობახიძე მართლაც ამბობს პარლამენტში ჟურნალისტებთან, თუმცა ის რომ ეს ხუმრობა იყო მკაფიოდ არ აცხადებს, მხოლოდ აყოლებს ამ კომენტარს:
„ახლა რომ დავსერიოზულდეთ. თამარ ჩუგოშვილის კომენტარია, რომელიც აღშფოთდა ამ ყველაფერზე, გადაირია, როგორ შეიძლება ეს მოხდესო. ეს ყველაფერი შეაფასა როგორც ძალაუფლების უზურპაცია. ასევე ეკა ბესელია, რომელიც ერთ-ერთი მათი დამცველია, ამბობს ასეთ რამეს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს, არგადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს „ოცნება“. რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, – ამბობს ის.
ამის შემდეგ ჟურნალისტებთან მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ხუმრობა იყო და კანონი უკვე გადაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
„ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია, პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათი კვალიფიკაცია“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, კანონი ძალაში შესულად მას შემდეგ ითვლება, რაც მას ხელს პრეზიდენტი მოაწერს.
5 აგვისტოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ქართული ოცნების” კანონპროექტი, რომლითაც აქციებზე კარვების გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იზღუდება.
ცვლილებების თანახმად:
- მკაცრდება შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი;
- შეკრების მონაწილეებისათვის, ფაქტობრივად, წინასწარ იკრძალება დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა აკრძალულია, თუ:
- საფრთხე ექმნება აქციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
- ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
- იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
- თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სუსის 18 სექტემბრის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციის მოწყობას.
იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ე.წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება”.
არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს „გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდველს უწოდებენ” და აცხადებენ: „ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციული დაკავებების იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის შესახებაც სამოქალაქო სექტორი წლებია საუბრობს. აღნიშნული კი მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი პროტესტი მის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით”.