ოფიციალური ცნობებით, ისრაელში ამ დროისთვის 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ღაზაში - 232

პუბლიკა

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. დაღუპულთა შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები. დაშავებულთა რაოდენობა კი თითქმის 1500-ია.

ღაზის სექტორზე თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის საჰაერო იერიშებს კი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით სულ მცირე 232 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სამხედრო სამიზნეებზე წერტილოვანი დარტყმები მიიტანეს. ღაზაში ჯერჯერობით არ აზუსტებენ, დაღუპულთა შორის სამხედროები არიან თუ მშვიდობიანი მოქალაქეები. დაშავდა 1700-მდე ადამიანი.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთის ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ მათ ისრაელის ათობით მოქალაქე დაატყვევეს. ისლამისტური დაჯგუფების ლიდერები ტყვეების სანაცვლოდ ისრაელიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ისრაელის არმიას – ცაჰალსა და პალესტინურ დაჯგუფებებს შორის ღაზის სექტორის მიმდებარე ისრაელურ დასახლებებში ბრძოლა გრძელდება. დაპირისპირება ამჟამად 22 სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ პალესტინელი მებრძოლების მიერ დაკავებული დასახლებების ნაწილსა და სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაიბრუნეს.

„ჰამასი“ ისრაელს თავს დღეს დილით დაესხა. სარაკეტო იერიშებს სახმელეთო შეტევა მოჰყვა, ისრაელის ტერიტორიაზე გადასხეს დესანტიც. ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმა მოულოდნელი აღმოჩნდა ისრაელის მესაზღვრეებისა და თავდაცვის ძალებისთვის.

პალესტინელმა მებრძოლებმა ისრაელის ზოგიერთ ნაწილში კილომეტრების სიღრმეში შეაღწიეს და დაიკავეს დასახლებები. პალესტინელებმა აიღეს ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო ბაზაც. თავდასხმის შემდეგ ინტერნეტში გავრცელდა პალესტინელების მიერ დახოცილი და დატყვევებული სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების კადრები.

მოგვიანებით, ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორის მიმართულებით საპასუხო სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ცაჰალში საომარი მდგომარეობის მოსამზადებელი მდგომარეობა გამოცხადდა და რეზერვისტების მობიზილება დაიწყო. დღის განმავლობაში ისრაელმა არაერთი საჰაერო იერიში მიიტანა პალესტინელების პოზიციებსა და ღაზის სექტორში სხვადასხვა ობიექტზე.