ქონების გაყოფა ყოფილ მეუღლეებს შორის - რა სირთულეებს აწყდებიან ქალები საქართველოში?

პუბლიკა

„ქორწინების დროს შევიძინეთ ქონება. რადგან პატარა ბავშვი მყავდა, ვერ მოვიცალე სახლის გაფორმების პროცესში ჩავრთულიყავი და თანამესაკუთრედ დავრეგისტრირებულიყავი. მეუღლემ თავის სახელზე დაარეგისტრირა. როდესაც განქორწინებაზე ჩამოვარდა სიტყვა, აღმოჩნდა, რომ  ჩემს ქმარს დედამისზე გადაუფორმებია ქონება. განქორწინებიდან ერთ თვეში მითხრეს, რომ სახლი დამეტოვებინა. მე და ჩემი შვილი იქ ვცხოვრობდით მანამდე. ვიცოდი, რომ შემეძლო სასამართლო დავა დამეწყო, მაგრამ ამისთვის სასამართლო ბაჟი უნდა გადამეხადა ქონების ღირებულების პროპორციულად. ამას ვერ გადავიხდიდი. ამიტომ მე ის ქონება დავკარგე. ახლა უკვე ხანდაზმულობის ვადაც გასულია. ანუ, ჩემი წილი ქონება ვეღარასდროს დამიბრუნდება. კარგი იქნებოდა,თავის დროზე მქონოდა მეტი ინფორმაცია,-“ აცხადებს ერთ-ერთი გამოკითხული  ქალი, რომელმაც „ილიასის“ კვლევაში მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზაცია „ილიასმა“ USAID/სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩაატარა კვლევა ,,საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე.’’

სხვა საკითხებს შორის, კვლევამ გამოავლინა  ქალების გამოწვევები ყოფილ მეუღლესთან  ქონების გაყოფისას:

#მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების ილუზორულობა

,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოითხოვს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თანაბრად გაიყოს.  მაგრამ  ხშირია შემთხვევა, რომ ერთ-ერთი მეუღლე, რომლის სახელზეც არის საჯარო რეესტრში  დარეგისტრირებული საერთო ქონება (და უმეტესწილად მამაკაცის სახელზეა), შეგნებულად წინასწარ ასხვისებს მას, რათა არ მოუწიოს ყოფილი მეუღლისთვის მისი გაყოფა. ამისთვის ის აფორმებს მოჩვენებით ხელშეკრულებას ოჯახის სხვა წევრთან (მაგ. მშობელთან), ან მისთვის სანდო სხვა პირთან, ან რეალურად ასხვისებს კეთილსინდისიერ შემძენზე, ‘’- განმარტავს ორგანიზაცია „ილიას სამართლის სახლის“ (ილიასის)  ხელმძღვანელი, იურისტი ელენე სიჭინავა.

რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში მეორე მეუღლემ?  – მას აქვს  ორი სამართლებრივი შესაძლებლობა: ამტკიცოს, რომ დადებულია მოჩვენებითი ხელშეკრულება ან მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული შემოსავალი. კვლევაში ხაზგასმულია, რომ სინამდვილეში არცერთი ეს გზა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის ადეკვატურ საშუალებას . მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზების არაეფექტიანობის გამო, მეორე მეუღლე, ბევრ შემთხვევაში, საკუთარი წილის გარეშე რჩება.’’

როგორია დასავლური ქვეყნების გმოცდილება?იურისტი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ ,,საერთაშორისო პრაქტიკით, მეუღლეებმა შეიძლება აირჩიონ თანასაკუთრების, ან  ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმი. ეს უკანასკნელი   გამორიცხავს რომ იმ კონკრეტულ ქონებაზე შემდეგ ორივეს ჰქონდეთ უფლებები. მაგრამ თუ თანასაკუთრების რეჟიმი აქვთ არჩეული წყვილებს, შეუძლებელია თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება მეორე მეუღლის თანხმობის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ეს თანხმობის გარეშე იქნება გასხვისებული, აუცილებელია, რომ მეორე მეუღლემ მოიწონოს ეს გარიგება და მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემა მას სამართლებრივი ძალა.’’

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ორგანიზაცია „ილიასის“ რეკომენდაციაა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს:   მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირდეს თანასაკუთრების სახით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ:

  1. საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არის დადგენილი;
  2. ქონება წარმოადგენს მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას;
  3. მეორე მეუღლემ კანონით დადგენილი წესით განაცხადა თანხმობა, რომ დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების სახით; ‘’

#ქონების გაყოფა მძიმე ფინანსური ტვირთია ქალისათვის

კვლევის ავტორი ელენე სიჭინავა განმარტავს, რომ ,,როდესაც სასამართლოში ქალი ითხოვს ქონების გაყოფას, ის აწყდება ფინანსურ ბარიერს: მას უწევს დავის საგნის პროპორციული ბაჟის გადახდა. ბევრ შემთხვევაში, მარტო დარჩენილი ქალი, რომელიც მანამდე შინშრომით და ოჯახის მოვლით იყო დაკავებული, ვერ ახერხებს ქონების ბაჟის გადახდას. აღნიშნული ფინანსური ტვირთის გასააზრებლად, სასამართლო ბაჟის ოდენობასთან ერთად, გასათვალისწინებელია სხვა საპროცესო ხარჯები: ადვოკატის მომსახურება, სარჩელის უზრუნველყოფის საფასური, საჯარო რეესტრის მომსახურების საფასური, ქონების შეფასების ხარჯი და სხვ. ‘’

უძრავი ქონების მაღალი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ბაჟის ოდენობა   უმეტეს შემთხვევაში, შეადგენს 3000 ლარს. კვლევამ აჩვენა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც  ქალმა, იმის გამო, რომ ვერ იხდიდა ბაჟს, არ მიმართა  სასამართლოს  ქონების გაყოფის თაობაზე, ან მიმართა, მაგრამ მისი სარჩელი განუხილველი რჩება.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ილიასის“ ხელმძღვანელი, ელენე სიჭინავა გვიზიარებს, რომ უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება,  რომლის მიხედვით,  განქორწინების შედეგად ქონე­ბის გაყოფის საქმეზე ერთი ან ორივე მხარე, მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება  სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, თუკი არ შეუძლია მისი გადახდა, რაც დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით; იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახ­დისგან განთავისუფლების საფუძველი არ არსებობს, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდეს.

#ქონების გაყოფა არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით 

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც  ორგანიზაცია „ილიასი“ ამახვილებს ყურადღებას    –   საქართველოს კანონმდებლობა უშვებს ყოფილ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის თანაბრობის წესიდან გადახვევის შესაძლებლობას, როდესაც ამას მოითხოვს  არასრულწლოვანი შვილების ინტერესები;   ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ-ერთი მეუღლის უძრავი ქონების წილი შეიძლება გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები.  კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული დებულების პრაქტიკაში გამოყენება იშვიათია. არც ერთ გამოკვლეულ საქმეში სასამართლო ასეთი მგრძნობიარე დამოკიდებულებას არ ავლენს და ხისტ მიდგომას იყენებს.

რა არის გამოსავალი?  ორგანიზაცია „ილიასის“ რეკომენდაციაა, სასამართლოებმა    გულისხმიერად განიხილონ ყველა ასეთი შემთხვევა, გაითვალისწინონ  არასრულწლოვანი შვილების ინტერესები და გამოიტანონ დასაბუთებული გადაწყვეტილებები.

ამ საკითხებთან დაკავშირებით ვრცლად ასევე იხილეთ ვიდეოინტერვიუ კვლევის ავტორებთან:

კვლევის სრული ვერსია კი ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე: ttps://bitly.ws/WdJr

სტატია და ვიდეოები მომზადდა ორგანიზაცია „ილიასის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ორგანიზაცია „ილიასი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.