დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე, სადაც 9 ოქტომბერს ძლიერი ქარის გამო კედელი ჩამოიშალა, ნაგებობა მიმდინარე მშენებლობა არ არის.
კალაძის თქმით, ობიექტი „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი პროექტია.
„გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა.
ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის კომენტარს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.