აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაშინგტონის მხარდაჭერას უდასტურებს.
თელ-ავივში ჩასულმა ბლინკენმა ნეთანიაჰუს უთხრა: „ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ“. მისი თქმით, ისრაელს მხოლოდ საკუთარი ძალებით თავის დაცვა არასდროს მოუწევს, რადგან აშშ ყოველთვის მის გვერდით იქნება.
„წარმოუდგენლად რთული დროა არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მე თქვენთან მოვედი არა როგორც მხოლოდ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არამედ, როგორც ებრაელი. მე პიროვნულად მესმის ის შემზარავი ექო, რაც „ჰამასის“ მიერ ჩადენილმა მკვლელობებმა გამოიწვია არა მხოლოდ ისრაელში მცხოვრები , არამედ ყველა ებრაელისთვის მთელ მსოფლიოში, ჩემთვის შეუძლებელია, დაღუპული ოჯახების ფოტოებს ვუყურო, ვუყურო მოკლული დედ-მამისა და სამი შვილის ფოტოს და საკუთარ შვილებზე არ ვიფიქრო. ჩვილები დახოცეს, გვამები წაბილწეს, ახალგაზრდები ცოცხლად დაწვეს, ქალები გააუპატიურეს, მშობლები დახვრიტეს შვილების თვალწინ, ბავშვები მშობლების თვალწინ. როგორ უნდა გავიგოთ ეს, როგორ უნდა აღვიქვათ?“ – თქვა ბლინკენმა.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კონტრშეტევებსაც ახორციელებს. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.