„ბავშვი არ არის ცოლი“ - მდუმარე აქცია პარლამენტთან

პუბლიკა

„ბავშვი ცოლი არ არის“- პარლამენტის წინ მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაამბობისა“ და „რეპროდუქციული განათლების ჰაბის“ ორგანიზებით იმართება.

„ჩვენ, მოქალაქეები,  გამოვხატავთ სოლიდარობას არამხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის მიმართ, არამედ დახმარებასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ახლაც, ამ წამსაც, განიცდიან ნებისმიერი სახის ძალადობას.

მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ადრეული, იძულებითი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება, “- ასეთია აქციის მონაწილეების გზავნილი.

მოქალაქეებმა მდუმარე აქციაზე მიიტანეს სათამაშოები, სანთლები და ყვავილებს. ისინი ამბობენ, რომ ამ სიმბოლური აქტით ცდილობენ  უფრო თვალშისაცემი გახადონ პედოფილიის დუმილით წახალისება.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები.