„ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა! მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ“. – ეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საგანგებო მიმართვისას განაცხადა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს. მისი შეფასებით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს.
„დღეს, ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი, როგორც ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, რომელიც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა – ეს სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის. ისეთი დასკვნა დადო, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყოველ მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს.
არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არ არსებობს შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება.
ეს არის მცდელობა „ოცნების”, მაგრამ „ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. თავად იფიქრონ მერე, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის. ახლო მომავალი გვეტყვის, სად უფრო გამოვადგები ხალხს, როგორც პრეზიდენტი, თუ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ წლის ბოლოს პირველ შედეგს და მომავალი წლის ბოლოს შემდეგი ეტაპი გვექნება გასავლელი. ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზეც მივა. ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ“ გარეთ დადგნენ.
„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა მე გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამ მხარდაჭერისთვის, რაც არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – თქვა ზურაბიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
მერაბ ტურავას თქმით, განსხვავებული აზრი ჰქონდათ: გიორგი კვერენჩხილაძეს, ირინე იმერლიშვილს და თეიმურაზ ტუღუშს.
დასკვნა ევა გოცირიძემ მოამზადა.
მანამდე, 13 ოქტომბერს „ქართული ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იმპიჩმენტზე უარი „კითხვებს გააჩენდა”, ვინაიდან „კონსტიტუციის დარღვევა ხელის გულზე დევს”.
„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა წარდგინება, რომელშიც მიუთითა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია, როცა შეხვედრები და ვიზიტები უცხო ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გამართა.
„ქართული ოცნების” წარდგინების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 – 100 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამჟამად პარლამენტში უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს და იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობა არ აქვს.
კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.
6 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოქმედი პარლამენტის პირობებში მოხდება და მას 300 ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს.