რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე.

კორონავირუსის გავრცელების გამო, არაერთ ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და შეიზღუდა ადამიანის გარკვეული უფლებები.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სახელმწიფოს მეტ შესაძლებლობას აძლევს, რომ მოკლე ვადაში მოაგვაროს კრიზისით გამოწვეული პრობლემები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი და მის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს.

რა უფლებები შეიძლება შეგვეზღუდოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში და როგორია ბოლო პერიოდში საზღვარგარეთის ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკა.

როდის და როგორ ხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება?

მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, აცხადებს საგანგებო მდგომარეობას.

პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.  თუ საქართველოს პარლამენტი  ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კარგავს იურიდიულ ძალას.

რა უფლებები შეიძლება  შეეზღუდოთ მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის დროს?

საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია, მოქალაქეებს შეეზღუდოთ ან შეუჩერდეთ კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული უფლებები, თუმცა ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ავტომატურად არ ხდება. ამისთვის საჭიროა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დამატებთ გამოსცეს დეკრეტები. ის დეკრეტები, რომლითაც იზღუდება ან ჩერდება ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, პარლამენტს წარედგინება დასამტკიცელად.

როგორ ხდება თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა?

აუცილებლობის შემთხვევაში, დეკრეტით შესაძლოა, მოქალაქეებს შეუზღუდონ თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე. ასევე, შესაძლოა, შემოიღონ კომენდანტის საათი, რა დროსაც მოქალაქეებს ეკრძალებათ, ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

კარანტინში მყოფ ან სხვა შესაძლო საფრთხის მატარებელ პირებს დროის გარკვეული მონაკვეთით შეიძლება შეუზღუდონ თავისუფლება და მოსთხოვონ თვითიზოლაცია. საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, ფიზიკური პირის იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას შსს უზრუნველყოფს.  თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს პრეზიდენტი.

როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება შეგიძლიათ, ვრცლად წაიკითხოთ აქ.