„უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება ამ ღონისძიებაზე არ შედგება“ – წერს რეჟისორი უტა ბერია კინოცენტრის მიერ ორგანიზებული რეტროსპექტივის შესახებ, რომელიც 2005-2023 წლებში შექმნილი ქართული ფილმების მონაწილეობით უნდა გაიმართოს. რეტროსპექტივის სიიდან ასევე ამოღებულია რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმებიც.
„კინოცენტრი უნდა გახდეს დამოუკიდებელი და დაკმაყოფილდეს ოთხასზე მეტი კინოხელოვანის სამართლიანი მოთხოვნა, თუ ქართული კინოს ხელშეწყობა და პოპულარიზაცია გვინდა. არაკომერციულ ჩვენებას რაც შეეხება, „უარყოფითი რიცხვები“ ბევრჯერ იყო ნაჩვენები ქალაქებშიც და რეგიონებშიც, კინოდარბაზებშიც, სკოლებშიც და გარე სივრცეებშიც და ასეც გაგრძელდება!“, – წერს უტა ბერია.
აგვისტოდან ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობაზე ბოიკოტს აცხადებს 450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი. კინოცენტრმა რეტროსპექტივაში მონაწილეობა არაერთ რეჟისორს შესთავაზა, თუმცა მათთგან უარი მიიღო.
კინემატოგრაფისტები უკვე 5 თვეა კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და მოითხოვენ ორგანიზაციის დირექტორის დემოკრატიული გზით არჩევითობას.
„პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!“, – აცხადებენ ბოიკოტის მონაწილეები.
ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები უკვე რამდენიმე თვეა, თბილისისა და რეგიონების საჯარო სივრცეებში მოქალაქეებისთვის უფასო კინოჩვენებებს აწყობენ.