ენმ-ს განცხადებით, მათი პარტიისა და „სტრატეგია აღმაშენებლის” უცხოელი კონსულტანტი, ბენ მალეტი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. პარტიის წევრების თქმით, ბენ მალეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან „უკან გაბრუნების მიზეზიც კი არ განუმარტეს”.
ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბენ მალეტი ბრიტანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენელია და ის საქართველოში იმ მიზეზით არ შემოუშვეს, რომ მათი პარტიის კონსულტანტია.
„ეშინია ივანიშვილს” – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
„არსებობს ჩამონათვალი, რის გამოც შეიძლება, პირი არ შემოუშვა ქვეყანაში. მას ჩაუწერეს დაუსაბუთებლად „სხვა მიზეზი”. ბენ მალეტი არის „სტარტეგია აღმაშენებლის” და ენმ-ს უცხოელი კონსულტანტი, რომელიც დაგვეხმარება და გვეხმარება საარჩევნო საკითხებში, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. ის წარმოადგენს ქართულ-ბრიტანულ საკონსულტაციო ძალიან სერიოზულ და ავტორიტეტულ ჯგუფს და, როგორც ჩანს, ეს არის ეთადერთი მიზეზი”, – ამბობს პარტიის წევრი ირაკლი ნადირაძე.
შეკითხვაზე, რატომ არ შემოუშვეს უცხოელი კონსულტანტი საქართველოში, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ „დეტალების საქმის კურსში არ არის”.
„ამ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს, თუკი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ეს ხდება ყოვედღიურად, არაერთ ადამიანს ეთქმება უარი ქვეყანაში შემოსვლაზე”, – უთხრა დარახველიძემ „ტვ პირველს”.
ენმ-ს ინფორმაციით, ბენ მალეტი საქართველოში რამდენიმე კვირის წინაც იყო.