ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის სამინისტროდან განათლების სამინისტროში გადავა

პუბლიკა

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, განათლების და მეცნიერების სამინისტრო მომავალი წლიდან განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო გახდება.

ამილახვარი ამბობს, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს კულტურის სამინისტროდან განათლების სამინისტროში გადმოტანის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან სააგენტო განათლების სამინისტროს უნდა შეუერთდეს.

შესაბამისად, აღარ იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლების სამინისტროში გადმოტანა. მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროში ჩვენი პროგრამების ფარგლებში გვაქვს კომპონენტები, სადაც სხვადასხვა აქტივობებს, განათლების და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებში, ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად ამ სააგენტოს განხორიციელება და მოქმედება გაგრძელდეს განათლების და მეცნიერების სამინსიტროში. კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიდება ახალი სამინისტრო – განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა. 

გიორგი ამილახვარის თქმით, განახლებულ სამოქმედო გეგმას  საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ და ახალგაზრდებს შესთავაზებენ განახლებულ პროგრამას, მინისტრის თქმით, ეს პროგრამა იქნება „აკადემიურად, შემეცნებითად და სახელმწიფოებრივად განახლებული პროგრამა” .

ამილახვარი ამბობს, რომ დაჩქარებული წესით უნდა განიხილოს პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი. მისი თქმით, სურს, რომ ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება უკვე 1 იანვრიდან განათლების სამინისტროში გადავიდეს.