ეხო კავკაზა-ს ცნობით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მახაჩკალა-თბილისის მიმართულებით ფრენას დაიწყებს. ინფორმაცია მახაჩკალის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე, განრიგშია გამოქვეყნებული. მასში ნათქვამია, რომ რეისები 2023 წლის 23 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მარტამდე კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
ინფორმაცია, რომ Georgian Airways გეგმავს რეისების შესრულებას თბილისსა და მახაჩკალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის, მანამდე რუსი ბლოგერის, ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას ახალი რეისების დაწყების შესახებ ჯერ არ განუცხადებიათ. ამჟამად ავიაკომპანია პირდაპირ ფრენას თბილისსა და მოსკოვს შორის ასრულებს.
რუსეთსა და თბილისს შორის ფრენას რუსული ავიაკომპანია Azimut Airline-იც ახორციელებს. რეისებია: მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი; Минеральные Воды – თბილისი – Минеральные Воды.
2023 წლის 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
19 მაისს შესრულდა პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისში.
რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის გამო საქართველოს დემარში გამოუცხადა ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ.