ღრმად პატივცემულ პაატა შამუგიას წამხედურობით, რომელმაც „პუბლიკის“ მკითხველს უკვე გაუზიარა და ურჩია რა წაიკითხოს, მეც „ფრთხილად“ შევაგროვე ხუთი ოპერა, რომელთა მოსმენა კორონა-ჟამის გადაგორებაში ცოტათი მაინც დაგეხმარებათ. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ იქნება იოლი და საამო გასეირნება, ვთქვათ, ბაროკოს (ვივალდი-ჰენდელი) მსუყე სანახებში ან მოცარტის სრულყოფილ ჰარმონიასთან ზიარება. არც ბელინისა და დონიცეტის „ბელ კანტოს“ სიამეებს შემოგთავაზებთ და არც ვერდისა და ვაგნერის იდეურ-ესთეტიკურ დაპირისპირებას… პირდაპირ მეოცე საუკუნის ოპერის ლაბირინთში გეპატიჟებით, რომელიც უფრო გონებრივ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მსოლოდ სიამოვნების მიღება და მუსიკალური რელაქსაციაა.
-
რიჰარდ შტრაუსი – „ელექტრა“, 1909
1909 წლს 25 იანვარს დრეზდენის სამეფო ოპერაში უკვე აღიარებული იმპრესიონისტი კომპოზიტორის „ელექტრას“ პრემიერა გაიმართა. კომპოზიტორის მეგობრის, ცნობილი ავსტრიელი პოეტისა და დრამატურგის, ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის ლიბრეტო სოფოკლეს ტრაგედიის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს ეყდნობა – ელექტრასა და ორესტეს საერთო შურისძიება და ამბოხი დედის (კლიტემნესტრას) და მამობილის (ეგისთეს) წინააღმდეგ, რომელიც კომპოზიტორს საოცარი ექსპრესიულობითა და ფსიქოლოგიური დრამატიზმით აქვს გააზრებული და დამუშავებული.
რიჰარდ შტრაუსის მუსიკის მოდერნისტული ელემენტები (მუსიკალური ტერმინებით ქრომატიზმი და დისონანსი) და ორკესტრის სრულიად ახლებური გააზრება, ვაგნერის „მუსიკალური დრამის“ უწყვეტობის პრინციპს ეყრდნობა. მუსიკა მძაფრად და ცხადად გვიხატავს შურისძიებით გაჟღენთილი შიშისა და შემდეგ უკვე ელექტრას ექსტაზურ ცეკვას მკვლელობის შემდეგ.
„ელექტრა“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი შედევრია და ცხადია, მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი ოპერის რეპერტუარშიც შედის, განსხვავებული და რადიკალური რეჟისორული ინტერპრეტაციებით. უნდა აღვნიშნოთ რეჟისორ გიოტც ფრიდრიხის მიერ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დადგმული „ელექტრა“ ბერლინის „დოიჩე ოპერის“ სცენაზე და 2013 წელს პატრის შეროს ინტერპრეტაცია ექს-ან-პროვანსის საოპერო ფესტივალზე.
-
დიმიტრი შოსტაკოვიჩი – „მცენის მაზრის ლედი მაკბეტი“, 1934
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორის შედევრი, ოპერა „მცენის მაზრის ლედი მაკბეტი“ (ლესკოვის მოთხრობის მიხედვით) 30-იანი წლების დასაწყისში ლენინგრადში დაიდგა. პრესაში ის დაახასიათეს, როგორც „სოციალისტური წყობის წარმატებისა და პარტიის სწორი პოლიტიკის შედეგი“… როგორც ოპერა, რომელიც „შეიძლებოდა, შეექმნა მხოლოდ საბჭოთა კომპოზიტორს, რომელიც საბჭოთა კულტურის საუკეთესო ტრადიციებზე იყო აღზრდილი“.
1936 წელს ოპერა დიდი თეატრის სცენაზე დაიდგა. პრემიერიდან რამდენიმე თვის შემდეგ სტალინი ჟდანოვისა და მიქოიანის თანხლებით მოულოდნელად მივიდა დიდ თეატრში, შოსტაკოვიჩის ოპერის სანახავად. წარმოდგენის შემდეგ სტალინმა და მისმა თანმხლებლებმა უსიტყვოდ დატოვეს თეატრი, თუმცა, თვითმხილველთა გადმოცემით, „ბელადი უსიამოვნოდ იშმუშნებოდა ჩასაბერებისა და დასარტყამი ინსტრუმენტების ზედმეტად ხმამაღალ დაკვრაზე“. შოსტაკოვიჩმა 28 იანვარს შეიტყო „პრავდაში“ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, სახელწოდებით, „აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად“. კრიტიკოსები, რომლებიც მანამდე წერდნენ, რომ „ცხვირი“ მისი საუკეთესო ოპერაა, იძულებულები იყვნენ, ბეჭდური ფორმით უარეყოთ თავიანთი მოსაზრებები…
დრამატული ბედი ოპერას ლამის მეოცე საუკუნის 60-იან წლებამდე სდევდა, რადგან აკრძალული იყო. 1962 წლიდან (უკვე მეორე დადგმისა და კომპოზიტორის ახალი რედაქციის შემდეგ) ოპერას ეწოდება „კატერინა იზმაილოვა“. 1978 წელს ლონდონში სახელოვანმა მსტისლავ როსტროპოვიჩმა ოპერის სტუდიური დადგმა ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად განახორციელა, თანაც ორიგინალური, პირველი ვერსიით. ამბობენ, რომ როსტროპოვიჩმა თავად შოსტაკოვიჩის თხოვნით გააკეთა ოპერის რეკონსტრუქცია, რომელიც კომპოზიტორმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაადასტურა.
-
ფრანსის პულენკი – „კარმელიტების დიალოგი“, 1957
„კარმელიტების დიალოგები“ მეოცე საუკუნის გამოჩენილი ფრანგი კომპოზიტორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. ოპერა „ლა სკალას“ ხელმძღვანელობის დაკვეთით დაიწერა და მსოფლიო პრემიერაც სწორედ „სკალაში“, 1957 წელს გაიმართა (ოპერაში სულ 3 მოქმედება და 12 ეპიზოდია). ლიბრეტო ემყარება რეალურ ამბავს, რომელიც ცნობილმა მწერალმა ჟორჟ ბერნანოსმა ამავე სახელწოდების პიესაში ასახა.
მოქმედება კარმელიტების მონასტერში, საფრანგეთის პატარა ქალაქ კომპიენში ხდება და მთავრდება იმით, რომ თექვსმეტ მონაზონ ქალს ფრანგი რევოლუციონერები 1794 წლის 17 ივნისს სიკვდილით სჯიან. ტრაგიკული და ამაღლებული ფინალური სცენისთვის კომპოზიტორმა შექმნა მართლაც შთამბეჭდავი Salve Regina – კანონიკური რელიგიური საგალობელი, რომელსაც იწყებს კამერული გუნდი, შემდეგ რამდენჯერმე წყდება და მთავრდება სოპრანოს (ბლანში) არიით, რომელსაც ფინალში გილიოტინის ხმა ენაცვლება.
განსაკუთრებით საინტერესოა „მეტროპოლიტენ ოპერის“ 1987 წლის დადგმა (რეჟისორ ჯონ დექსტერის), ლეგენდარული სოპრანოს ჯესი ნორმანისა და მარია ევინგის მონაწილეობით.
-
ჰანს ვერნერ ჰენცე – „ბაკხი ქალები“, 1966
ევრიპიდეს „ბაკხი ქალებით“ შთაგონებულმა გერმანელმა კომპოზიტორმა 1966 წელს ზალცბურგის საოპერო ფესტივალის დაკვეთით შექმნა ძლიერი, ნეოექსპრესიული და ვიტყოდი, დამანგრეველ-დამატყვევებელი ენერგიით სავსე მუსიკა, რომელიც მნიშვნელოვან ესთეტიკურ გზავნილს გულისხმობს მეოცე საუკუნის მუსიკაში. 2018 წელს ცნობილმა რეჟისორმა ქშიშტოფ ვარლიკოვსკიმ ჰენცეს ოპერას სრულიად სხვა, დრამატული თუ პოლიტიკური ელფერი შესძინა და დაასაბუთა მოსაზრება, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია…
დიონისე სამშობლოში ბრუნდება და მუდმივ ანარქიას ისევ თებეს განადგურებას ამჯობინებს. დირიჟორი კენტ ნაგანო და ვენის ფილარმონიის ორკეტრი ჰენცეს მუსიკის დახმარებით ბოლომდე გადაეშვნენ ანტიკური ტრაგედიის უძირო ოკეანეში, საიდანაც გამოცურვა მხოლოდ ყოჩაღებსა და რჩეულებს შეუძლიათ.
ჰანს ვერნერ ჰენცე, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა, დღემდე თანამედროვე ევროპული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პერსონად რჩება და ათობით ნაწარმოები შექმნა ატონალური მუსიკისა და ჯაზის გავლენით. მის შემოქმედებაში აშკარად იგრძნობა ექსპრესიონიზმისა და, განსაკუთრებით, რიჰარდ შტრაუსის გავლენა. დაწერილი აქვს ათი სიმფონია, 15 ოპერა და კამერული თუ სიმფონიური ნაწარმოებები.
-
ფილიპ გლასი – „აინშტაინი სანაპიროზე“, 1975
დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორის მუსიკა საბჭოეთში თითქმის აკრძალულად მიიჩნეოდა და, შესაბამისად, არასოდეს დადგმულა მისი ოპერებიც. კომპოზიტორს, რომელმაც უკვე 80 წელს გადაბიჯა და თანამედროვე კლასიკოსად მიიჩნევა, მინიმალისტად მოიხსენიებენ. დაწერილი აქვს სიმფონიები, კამერული ჟანრის ნაწარმოებები და ოპერებიც. კინოს მოყვარულები კი, ძირითადად, იცნობენ ფილმების – „საათების“, „ილუზიონისტისა“ და „ტრუმენის შოუს“ საუნდტრეკის წყალობით.
„აინშტაინი სანაპიროზე“ ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც კომპოზიტორმა 1975 წელს დაწერა ავინიონის თეატრალური ფესტივალის დაკვეთით. უკვე მომდევნო, 1976 წელს პაპის რეზიდენციის მთავარ სცენაზე პუბლიკამ სახელოვანი რეჟისორის, რობერტ ვილსონის დადგმა იხილა. ფორმალური თვალსაზრისით, „აინშტაინი“ მულტიმედიური ოპერაა, რომელშიც განსხვავებული ჟანრებისა და გამომსახველი საშუალებების სინთეზით მიღწეულია მთავარი ეფექტი – ბოლომდე შეიგრძნო მისი მუსიკალური მინიმალიზმის მაქსიმალური ძალა.