პროკურატურამ 14 ნოემბერს ჟვანიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღთან დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გურამ ელიზბარაშვილს ბრალი წარუდგინა. გამოძიება 41 წლის კაცს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას ედავება.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილიaში 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა.
კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა.
კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
ამავდროულად, გ.ე.-მ დაზარალებულის მიმართულებით ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.
სამართალდამცველებმა გ.ე. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მეუღლის დედის სახლიდან.
გ.ე.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.