შსს-მ რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე 11 ადამიანი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს. აქტივისტები დაკავებულები არიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის, ადმინისტრაციული წესით.

უწყების განცხადებით:

„აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეებისადმი სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეებმა არ გაითვალისწინეს პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი”.

მათ დაკავებამდე პოლიციელებმა დააზიანეს იმ კარვის კონსტრუქცია, რომლის გაშლაც აქციის მონაწილეებს სამინისტროს ეზოში უნდოდათ.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვს.

27 სექტემბრიდან მათ ონში, მერიის წინ კარავი გაშალეს. დაახლოებით 2 თვის უშედეგო პროტესტის შემდეგ კი გადაწყვიტეს, იგივე კარავი თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის წინ გადმოეტანათ.

რამდენიმე ათეული ადამიანი რაჭიდან დღეს, დღის 12:00 საათზე დაიძრა. ისინი თბილისში, სამინისტროს შენობასთან დაახლოებით 18:00 საათზე მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიცია დახვდა, რომელიც დემონსტრანტებს შენობის ეზოში წინა შესასვლელიდან არ შეუშვა. 

დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები პოლიციას ეზოში შეშვებას სთხოვდნენ. თუმცა, უშედეგოდ. შემდეგ აქტივისტებმა კარვის იქ გაშლა დააპირეს, სადაც იდგნენ. ნაწილმა კი გზის სამანქანო ნაწილის გადაკეტვა სცადა. სწორედ მაშინ დააკავა პოლიციამ 13 ადამიანი.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გასხვისება ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია. მათი თქმით, 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.

მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.