პაპუაშვილი: არასწორია, რომ ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში ერევა

პუბლიკა

პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონში ცვლილებების შეტანა არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია და ამ კომპეტენციაში სალომე ზურაბიშვილის ჩარევა არასწორია.

პაპუაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები გააკრიტიკა.

პაპუაშვილის თქმით, „ყველა საკუთარ კონსტიტუციურ კომპეტენციებში უნდა დარჩეს”.

„ზოგადად, არასწორია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში. რაც შეეხება კანონმდებლობის ცვლილებას, ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია, რომ მათ შორის მოქალაქეობასთან დაკავშირებით განსაზღვროს როგორი არის პოლიტიკა და როგორი არის კანონმდებლობა. მნიშვნელოვანი არის, რომ ამ შემთხვევაშიც, სალომე ზურაბიშვილმა არ დაარღვიოს კონსტიტუცია, არ ჩაერიოს საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაში”, – თქვა მან.

პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილმა ცვლილებებს ხელი მოაწერა,  „მაგრამ, როგორ ჩანს, ცვლილების შინაარსში ვერ გაერკვა”, – თქვა მან.

ზურაბიშვილმა გუშინ, 21 ნოემბერს ორბელიანების სასახლიდან პარლამენტში მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკა და თქვა, რომ ის „არცერთ ცვლილებას და გამარტივებას“ არ წარმოადგენს.

ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწდა, პარლამენტში შეიტანონ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების კუთხით პროცედურებს.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება პარლამენტმა 1 ნოემბერს მიიღო. ცვლილებით საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა. მანამდე მოქალაქეობის მიღებისთვის საართველოში 10 წლით ცხოვრება იყო საჭირო.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სააგენტო.

ახალი კანონით, წარუმატებლობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მსურველ პირს უფლება ექნება, შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.