დირექტორთა კონკურსის მონაწილეები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

პუბლიკა

დირექტორთა კონკურსის ორი მონაწილე, დავით ფერაძე და მაია ეკალაძე, მინისტრის მოადგილეს თამარ მახარაშვილს შეხვდნენ. დავით ფერაძის თქმით, მინისტრის მოადგილეს დირექტორთა საინიციატივო ჯგუფის სახელით შეხვდნენ და შეხვედრაზე მათ დასვეს დირექტორთა კონკურსთან და ხელფასებთან დაკავშირებული კითხვები.

„ვისაუბრეთ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა დირექტორთა შერჩევის პროცესს. ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა ნათლად ეს პრობლემები და ჩვენ, პრინციპში, მივიღეთ დაპირება, რომ განიხილება დისკრეციის საკითხი. ადამიანები, რომლებიც პირველ ეტაპზე, გასაუბრების ეტაპზე დაიწუნეს და სერტიფიკატი ვერ მიიღეს, მათთვის შესაძლოა ჩატარდეს გასაუბრებები და აქაც განიხილება დისკრეციის საკითხი, ანუ განიხილავენ დისკრეციით დანიშნონ ადამიანები, რომლებმაც ვერ მიიღეს სერტიფიკატები.

თქვეს, რომ ამის განხილვა მოხდება. ვინც სერტიფიკატი მიიღო, მათი დისკრეციის საკითხიც განიხილება. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ეს მოკლე დროში მოხდეს და გვითხრა, რომ მინისტრი დროულად იქნება ინფორმირებული ჩვენი მოთხოვნების შესახებ. ერთადერთი პოზიტიური არის ის, რომ დირექტორების კანდიდატებზე დისკრეციულად დანიშვნის საკითხი განიხილება იმიტომ, რომ ბევრი სკოლა დარჩენილია დირექტორის გარეშე. ჩვენ დაველოდებით ამ პროცესს, მომავალი ერთი კვირა და თუ არ იქნება შედეგები, მაშინ იძულებულები ვიქნებით, გადავიდეთ პროტესტის ახალ ფორმაზე“, – განაცხადა დავით ფერაძემ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრის მონაწილეთა თქმით, მათ მინისტრის მოადგილეს დაუსვეს კითხვები დირექტორთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, ასევე ჰკითხეს – რატომ ვერ მოხერხდა მინისტრთან კომუნიკაცია ექვსი თვის განმავლობაში.

ივნისიდან მოყოლებული, დირექტორთა სერტიფიცირების მეორე ეტაპის (გასაუბრების) შედეგების გამოცხადების შემდეგ, სამინისტროსთან პერმანენტულად იმართება დირექტორთა კონკურსის იმ მონაწილეთა აქციები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უსამართლოდ ეთქვათ უარი კონკურსში მონაწილეობაზე.

სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა. მათგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების“ დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვა მოითხოვა.

სერტიფიცირებული კანდიდატების სკოლებში წარდგენაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას უკმაყოფილების მეორე ტალღა მოჰყვა. 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატი სამეურვეო საბჭოებისთვის არ წარუდგენიათ. სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი გეგმავს, სასამართლოსაც მიმართოს.