„მოვიდეს მინისტრი“ - რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

„მოვიდეს მინისტრი“ – რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ მოთხოვნებს დაემატა მინისტრ ოთარ შამუგიას ადგილზე მისვლის მოთხოვნა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, მათ არ სჯერათ მინისტრის დაპირების, რომ თვის ბოლოს შესაძლებელია გაუქმდეს ლიცენზია. ამიტომ ისინი მოითხოვენ, მინისტრი მივიდეს მათთან და დაელაპარაკოს.

„ახლა ვხედავთ, რომ ხიდაშელის წარმომადგენლები ჩადიან რაჭაში და ლიცენზიის სიკარგეზე ესაუბრებიან მოსახლეობას,”- თქვა ვარლამ გოლეთიანმა. მისი თქმით, სახელმწიფო ცდილობს ამ დაპირებით პროტესტი ჩაახშოს, სინამდვილეში კი არ აპირებს ლიცენზიის გაუქმებას.

მან ასევე ისაუბრა პროტესტის გზაზე, რომელიც რაჭიდან დაიწყო და ახლა თბილისში გრძელდება.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის სრულად გაუქმებას მოითხოვს. ისინი 18 ნოემბრიდან პროტესტს თბილისში გარემს დაცვის სამინისტროს მიმდინარე ტერიტორიაზე აგრძელებენ მანამდე, სანამ ლიცენზია არ გაუქმდება.