NDI: მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს 

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს.

2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 37% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. 2022 წლის ივლისში ასე 47% ფიქრობდა.

გარდა ამისა, 36% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა, უნდა შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა რუსეთთან. 

2022 წლის ივლისში ამ აზრზე იყო 31%. 

ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.

კვლევის მეთოდი:

NDI-ის კვლევების საველე სამუშაოები 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. შედგა 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება).საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობა შეირჩა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.