საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
მათივე ცნობით, სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის.
„საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება, “- ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები.
Meta-მ მაისში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ათობით ყალბი გვერდი და ანგარიში წაშალა. Meta-ს განცხადებით, მათ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 Facebook და 2 ინსტაგრამ ანგარიში, 26 FB გვერდი და 9 ჯგუფი არაავთენტური და კოორდინირებული ქცევისთვის წაშალა.