ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ბიძინა ივანიშვილს მიულოცა.
ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პრემიერინისტრმა ბრიფინგი გამართა და ევროპელ ლიდერებს მადლობა გადაუხადა. მათ შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ასევე, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა ქართველ ხალხს, მმართველი პარტიის გუნდის წევრებს, პარლამენტს, საჯარო მოხელეებს და ბიძინა ივანიშვილს.
„მინდა, მივულოცო ეს დღე ყველას, მინდა, მივულოცო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა დღევანდელი დღე, ეს გამარჯვება და ეს წარმატება”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გადაწყვეტილება, რომ ევროპული საბჭო საქართველოს კანდიდატის სტატუსს ანიჭებს, ცნობილი დღეს, 14 დეკემბრის საღამოს გახდა. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ.
საქართველოს 2022 წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და დაასახელა რეფორმების 12 პუნქტი, რომელიც სტატუსის მისაღებად იყო აუცილებელი. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მათი უდიდესი ნაწილი არ შეასრულა.
წელს სტატუსის მინიჭებას თან ახლავს 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა წევრობის მოლაპარაკებები საქართველოსთანაც დაიწყოს.