დანიგანი: აშშ დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ EU-ის კანდიდატის სტატუსის მიღებას 

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა.

შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთგულებას.

შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე – ევროპელები.

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს გიჭერდათ ამ გზაზე და ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ”, – აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.