სუს: ტერორიზმზე ცრუ შეტყობინებები უცხოეთიდან შემოვიდა, დახმარება ვთხოვეთ პარტნიორ უწყებებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2024 წლის 21 იანვარს შევიდა შეტყობინებები ბათუმში, სხვადასხვა ადგილას ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ.

21 იანვარს ბათუმში, ოთხ დიდ სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. 20 იანვარს განგაში იყო ბათუმის აეროპორტშიც.

ვერც ერთ ადგილას ასაფეთქებელი საშუალება ვერ აღმოაჩინეს.

სუს-ის განცხადებით, „ამ ეტაპზე მოპოვებული ოპერატიული მონაცემების ანალიზით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებული იქნა არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი”. 

უწყება გამოძებას სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე აწარმოებს.

სუს ასევე აცხადებს, რომ  მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორ უწყებებს.

სუსმა ასევე განაცხადა, რომ „2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში” ტერორისტული თავდასხმის შესახებ მიღებული იქნა საზღვარგარეთიდან და ის უკავშირდება საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, სადაც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან”. 

ამ შეტყობინებების ინიციატორებად სუსის მიერ იდენტიფიცირებულია საზღვარგარეთ მყოფ კონკრეტულ პირთა წრე. ფაქტთან დაკავშირებით გატარებული იქნა შესაბამისი სპეციალური ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.