იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა.
„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”. – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, სადაც მთავრობის დამტკიცებამდე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის მიხედვით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდება, სანაცვლოდ კი მოქალაქეებზე გაიცემა ელექტრონული ID მოწმობები, რომელზეც დაიტანენ შესაბამისი პირის იმავე საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
ე.წ. ლამინირებული მოწმობები 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.
გარდა ამისა, 13 დეკემბერს პარლამენტმა 79 ხმით მხარი დაუჭირა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობის მოწმობებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ორი კანონპროექტი დაბალანსებულ მდგომარეობას შექმნის.
კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც რელიგიური შეხედულების ან სხვა მიზეზის გამო უარს აცხადებს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, გამონაკლისის სახით, პირადობის მოქმედი ე. წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.