გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
„მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-65°), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ.
დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან.
კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა“, – აცხადებს სააგენტო.
გარემოს სააგენტო ასევე წერს, რომ 6 თებერვალს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწვა ზვავი, ხოლო ქედაში – მეწყერი.
„ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.
კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას“, – აცხადებს სააგენტო.
„პუბლიკა“ გაეცნო გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს. მასში ნათქვამია, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფელ ნერგეეთში, დიმში, I ოჩბაში, II ოჩბაში, წითელხევში, ფერსათში, შუბანში და ზეგანში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვათაცვენების და ნაპირგარეცხვითი პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი ბაღდათი-ზეკარის მშენებარე საავტომობილო გზის გასწვრივ, მდინარე ხანისწლის და მისი შენაკადების ხეობებში გამავალი საავტომობილო გზების გასწვრივ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე იძებნება ინფორმაცია, რომ დოკუმენტი სააგენტოს წარმომადგენლებმა სპეციალისტებთან ერთად მუნუციპალიტეტებს გააცნეს.
ასევე სააგენტო აღნიშნავს, რომ ბიულეტენი გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.
ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერი მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე ჩამოწვა.
მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა გადაარჩინეს ერთი ადამიანი, იპოვეს 5 ადამიანის ცხედარი, 4 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებას ატარებს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი.