ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადება და ეს, შესაძლოა, მომავალი ათწლეულის განმავლობაში მოხდეს.
როგორც დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს ვარაუდი ეფუძნება რუსეთის გეგმას, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან გამაგრებული ძალების რაოდენობა გააორმაგოს – კერძოდ, საუბარია ბალტიის სახელმწიფოებზე. მისივე თქმით, რუსეთი ძალების განთავსებას აპირებს ფინეთის საზღვართანაც.
„რუსეთმა აირჩია ხანგრძლივი კონფრონტაციის გზა… კრემლი, სავარაუდოდ, ელოდება შესაძლო კონფლიქტს NATO-სთან მომდევნო დეკადის განმავლობაში”, – აღნიშნა კაუპო როსინმა.
მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა ნაკლებ სავარაუდოა ხანმოკლე პერიოდში, რადგან რუსეთი ძალების კონცენტრირებას უკრაინაში აპირებს და შესაბამისად, კრემლი, ამ ეტაპზე, NATO-ს წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამხედრო ქმედებებს არ გეგმავს, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, რუსეთის NATO-სთან კონფლიქტის პერსპექტივას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში უშვებს.