აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას.
„კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპოვარი და მყარი. ეჭვი არ შეგეპაროთ, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და ამერიკა გააგრძელებს პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
„რამშტაინის ფორმატი“, რომელიც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, უკრაინის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. შეხვედრების მიზანია, დააკმაყოფილოს უკრაინის არმიის თავდაცვის საჭიროებები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა.