X-მა ალექსეი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას ანგარიში დაბლოკა

პუბლიკა

განახლება: ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში იულია ნავალნაიას ანგარიში აღდგა. X-ის განცხადებით ნავალნაიას ანგარიში შეცდომით დაიბლოკა.

X-ზე ალექსეი ნავალნის ცოლის, იულია ნავალნაიას ანგარიში დაიბლოკა. მიზეზები უცნობია.

ანტიკორუფციულმა მოძრაობამ X-ზევე ჰკითხა ილონ მასკს, რა წესები დაარღვია დაღუპული რუსი პოლიტიკოსის ცოლმა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.

იულია ნავალნაიმ ქმრის სიკვდილის შემდეგ განაცხადა, რომ ალექსეის საქმეს გააგრძელებს.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყება ამტკიცებს, რომ ალექსეი ნავალნი «გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და, ფაქტობრივად, მაშინვე დაკარგა გონება». ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს, მათი თქმით, ნავალნი მოკლულია.

ამასთან, ოჯახისთვის ნავალნის ცხედარი არ გადაუციათ და როგორც უთხრეს, კიდევ 2 კვირა არ გადასცემენ.