საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ადმინისტრაციის ცნობით, მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის პოტენციალს.
კობახიძემ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში ჩავიდა. 28 ივლისს ღარიბაშვილი სი ძიპინს შეხვდა და თქვა, რომ „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად ვითარდება“, ხოლო ჩინურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ძიპინს მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანი და სამაგალითო ლიდერი“ უწოდა.
31 ივლისს გამოქვეყნდა 2 ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. მასში გამოიყო პარტნიორობის 4 მიმართულება:
- პოლიტიკური განზომილება;
- ეკონომიკური განზომილება;
- ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება;
- საერთაშორისო განზომილება.
ირაკლი ღარიბაშვილმა სი ძინპინს მადლობა გადაუხადა „საქართველოს ხანგრძლივი მხარდაჭერისათვის და სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემისათვის“ და, პასუხად, თავადაც განაცხადა: „საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთიანი ჩინეთის პრინციპს“. ანუ, საქართველო ტაივანს ჩინეთის ნაწილად აღიარებს და მას საერთაშორისო სამართლის სუბიექტად არ ცნობს.
ღარიბაშვილის განცხადების მიუხედავად, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მიანიშნებდა ჩინეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს ნაწილად მოაზრებას.
2023 წლის სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ საქართველო და ჩინეთი პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით 2024 წლის იანვარშიც იმყოფებოდა „ქართული ოცნების” მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.
ამასთან, 2023 წლის 11 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში სავიზო რეჟიმი გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი არ გაუუქმებია.