სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტი გამოაქვეყნა

პუბლიკა

გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტი.

ახალი პროექტი სამინისტროს ინფორმაციით, გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული აღსაზრდელად შესაბამისი სასკოლო გარემოს შექმნას.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის პროექტის მიხედვით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:

1. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;

2. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;

3. დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიო იდეალებთან;

4. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არამხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;

5. დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;

6. ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მატარებელი და დამცველი პიროვნების აღზრდა;

7. ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით, ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

8. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში;

9. ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარების რაციონალურ მიზნებს.

დოკუმენტში წერია, რომ „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულსახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და ვალდებულებები, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტი მთავრობას 26 თებერვალს წარუდგინა.

სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პროექტი საჯარო და კერძო სკოლებს გადაეგზავნებათ, რომ დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, ისე ყველა დაინტერესებული მხარე.