სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში არსებობენ პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ.
Sky News-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ რუსეთს კვლავ აქვს გავლენა ქვეყანაზე.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამაზე ღელავს, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ხოლო ოქტომბერში საქართველოში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია.
„ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს”, – თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილისვე თქმით, ოკუპაციის პირობებში, „ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია”.
„მაგრამ, არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – თქვა მან.