„ყურადღების გადატანის მცდელობა“ - ბოკუჩავა „ოცნების“ ახალ ინიციატივაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა.

მისი თქმით, ქვეყანაში ფასების ზრდა, უმუშევრობა, უპერსპექტივობა და ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელია და ამ საკითხებზე უნდა მუშაობდეს „ოცნება“.

„პარლამენტში იმგვარი ინიციატივების შემოტანაა საჭირო, რომლებიც ებრძვის ფასების ზრდას, უმუშევრობას, უპერსპექტივობას. ეკონომიკური რეფორმები, რომელიც გაწმენდს სისტემას კორუფციისგან და რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ინტერესში კი არ მუშაობდეს ეკონომიკა, არამედ საქართველოს მოქალაქის ინტერესში. იზრუნონ პენსიების ზრდაზე, ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების პერსპექტივის გაჩენაზე. ნაცვლად ამისა, ისინი საუბრობენ ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც აქტუალური და პრობლემურია“, – განაცხადა ბოკუჩავამ IPN-ის მიხედვით.

29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც„ საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ „ფესვდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას“ აქტიურად უნდა დაუპირისპირდნენ და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც უნდა გამოიყენონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1 მარტს განაცხადა, რომ მას ესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება და თუ რაიმე ფორმით საჭირო იქნება მთავრობის ჩართულობა, შეიძლება, მათაც მიიღონ ამაში მონაწილეობა.