5 უფლებადამცველი ქალი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

პუბლიკა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) პატარაია, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და თამარ მუსერიძე, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია – „ვეძებ“.

„საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია „საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.

ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლებს: ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს სახელმწიფო ჯილდო გადეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.

პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.