უზენაესი სასამართლო: შეშფოთებას გამოვთქვამთ ე.წ. ვეტინგის ინიციატივაზე

პუბლიკა

საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

გავრცელებულ განცხადებაში უზენაესი სასამართლო წერს, რომ „ვეტინგი“ „ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების’’ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე”.

განცხადების თანახმად, უზენაესი სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ „მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც  შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ ინიციატივა ნიშნავს თითოეული მოსამართლისთვის გზავნილს – მათ საგანგებოდ შეამოწმებენ, თუ არ დაექვემდებარებიან შესაბამისი დღის წესრიგით გათვალისწინებულ პოლიტიკურ კონტროლს.

უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ „ვეტინგი შექმნის მუდმივი დაძაბულობის კლიმატს სასამართლოში, რაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს თითოეული მოსამართლის ინდივიდუალურ საქმიანობაზე”.

ამასთან, განცხადების თანახმად, ინიციატივის დანერგვის მცდელობის მიზანია, მოსამართლეთა ყურადღება არა მართლმსაჯულებას, არამედ არასამართლებრივი და პოლიტიკური ხასიათის საკითხებისკენ იყოს მიმართული.

უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით,  თითოეული მოსამართლის კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობისა და მაღალ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხები განსაკუთრებული სიფრთხილით მოწმდება. 

ამის მაგალითად უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მოჰყავს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მას „უპრეცედენტოს” უწოდებს. 

უზენაესი ასევე აცხადებს, რომ „ვეტინგის’’ ინიციატორები სამიზნედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ. თუმცა, მოსამართლეები ყოველწლიურად ავსებენ დეკლარაციებს, რაც, განცხადების თანახმად, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის. სასამართლო მიუთითებს, რომ ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი.

„არსებულ მოცემულობაში, ე.წ. „ვეტინგის” მოთხოვნა არის დაინტერესებული პირების  მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე. ცხადია, რომ მითითებული აქტორების მოჭარბებული ინტერესი და მათი დღის წესრიგი მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს ლეგიტიმაციის შესუსტებას და მართვის მექანიზმების სასამართლოს მიღმა გატანას.

საქართველოს უზენაესი სასამართლო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე. ამის საპირისპიროდ, საერთაშორისო პრაქტიკამ თვალნათლად აჩვენა, მსგავსი ე.წ. „საგანგებო პროცედურების შედეგი“, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად ამ პრინციპის მოსპობა.

და ბოლოს, ნათელია, რომ ე.წ. „ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს, უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ითვალისწინებს რა სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს – სასამართლოს დაკომპლექტების მექანიზმების გარე აქტორების ხელში გადატანას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან”, – წერია განცხადებაში.

ე.წ ვეტინგი, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით არის რეკომენდებული.

ჩანაწერის თანახმად, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეთანხმებიან ე.წ. კლანის წევრებად მიჩნეული მოსამართლეები. აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, შემოწმება ყველას შეეხება.

თუმცა, როგორც „სასამართლოს გუშაგი” განმარტავს, იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.

შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.