ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ჰავანის სინდრომის" საიდუმლო ამოხსნა — მის უკან რუსეთი დგას 

პუბლიკა

ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რომელსაც The Insider 1 წლის განმავლობაში ატარებდა 60 Minutes-თან და Der Spiegel-თან ერთად, გამოარკვია, რომ არსებობს კავშირი რუსული GRU-ს [რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახური] პოლიტიკური მკვლელობების ქვედანაყოფ 29155-სა და ამერიკელ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმებს შორის, რომლებიც ანომალიურ და ამოუხსნელ სიმპტომებს იწვევს.

“ჰავანის სინდრომი” ეწოდა ამოუხსნელ დაავადებას იმის გამო, რომ კუბის დედაქალაქში აშშ-ის საელჩოში დიპლომატები და ჯაშუშები 2015 და 2016 წლებში ავად ხდებოდნენ აქამდე კვლავაც დაუდგენელი მიზეზებით. ოფიციალურმა პირებმა არ იცოდნენ, ვინ ან რა იდგა სავარაუდოდ რადიოს სიხშირით ან ენერგეტიკის შეტევით განხორციელებული თავდასხმების უკან, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის თანამშრომლების ავადმყოფობა და ტვინის დაზიანებაც კი გამოიწვია.

The Insider-ის, 60 Minutes-ის და Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება აგებულია შემთხვევაზე, რომელიც 2021 წელს თბილისში მოხდა. 

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ამერიკელი ქალი, სახელად ჯოი, რომლის ქმარიც აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი იყო, დიდ დიღომში ცხოვრობდა. ის ქმართან ერთად თბილისში 2020 წლის თებერვალში გადმოსახლდა.

2021 წლის ოქტომბრის ერთ დღეს სახლში იყო და საშრობიდან სარეცხს იღებდა, როცა აფეთქების ხმა გაისმა. როგორც ყვება, ჯერ ხელები ყურებზე აიფარა და სხვა ოთახში გაიქცა, შემდეგ კი გული აერია.

თუმცა, აფეთქება არ მომხდარა.

მას, როგორც ამერიკელი დიპლომატის ცოლს, რომელიც საზღვარგარეთ მსახურობს, უსაფრთხოების არაერთი სწავლება აქვს გავლილი. სწავლების შესაბამისად, მან აფეთქების შემდეგ სახლის უსაფრთხოების კამერები შეამოწმა, რათა ენახა, გარეთ ვინმე ხომ არ იყო.

ჯოიმ შენიშნა შავი მერსედესი, რომელიც მისი სახლის წინ გზაჯვარედინზე იჯდა და ზუსტად პირდაპირ უყურებდა მის სარეცხ ოთახს. ჯოისვე აღწერით, მან დაინახა, მაღალი, გამხდარი კაცი და მას ფოტოც გადაუღო.

ქალი ყვება, რომ მისი ეს ქმედება კაცმაც დაინახა.

„პირდაპირ თვალებში შემომხედა, იცოდა, რასაც ვაკეთებდი. შემდეგ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა”.

ჯოიმ მისი მანქანის ნომრების ფოტოს გადაღებაც მოახერხა.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში მას კაცი აღარ უნახავს, მანამ, სანამ არ აჩვენეს ალბერტ ავერიანოვის ფოტო – რუსი ოპერმუშაკის, რომელიც დაკავშირებულია GRU-ს ქვედანაყოფ 29155-თან – მოსკოვის სამხედრო დაზვერვა GRU-ს მკვლელობების და დივერსიის რაზმთან.

ჟურნალისტურ გამოძიებაში წერია, რომ ალბერტი, რომელიც თბილისის ინციდენტის დროს 23 წლის იყო, არ არის ჩვეულებრივი რუსი აგენტი. ის ქვედანაყოფ 29155-ის დამფუძნებელი მეთქურის, გენერალ ანდერი ავერიანოვის შვილია. ანდერი ავერიანოვი ამჟამად GRU-ის დირექტორის გავნელიანი მოადგილეა და ევალება კრემლის საგარეო პოლიტიკის წარმართვა აფრიკაში.

საზოგადოებისთვის ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსადმთავრებულია, რომელმაც  მაგისტის დიპლომი „მიგრაციის პროცესის მენეჯმენტის” შესახებ დაიცვა. ეს ის საკითხია, რომელიც მამამისს ძალიან აინტერესებს.

ამასთან, 188 სმ სიმაღლის ქერა ალბერტი ადვილად შესამჩნევია ნებისმიერ ჯგუფში, მით უფრო, თბილისის გარეუბანში.

როცა ჯოის ალბერტის ფოტო აჩვენეს, მან თქვა, რომ მკაფიო რეაქცია ჰქონდა.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ის კაცი, რომელიც მე დავინახე”.

ცენტრში: ალბერტ ავერიანოვი
“არალეტალური აკუსტიკური იარაღი”

1-წლიანმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ვარაუდი, რომ ჯანმრთელობის აუხსნელი და ანონიმური ინციდენტები, ასევე ცნობილი, როგორც „ჰავანის სინდრომი”, შესაძლოა, სათავეს GRU-ს დანაყოფ 29155-ის მიერ ენერგეტიკული იარაღის გამოყენებიდან იღებდეს.

გამოძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება არის ისიც, რომ GRU-ს იმ წევრებნა, რომლებმაც „არალეტალური აკუსტიკური იარაღი” შექმნეს, ჯილდოები მიიღეს. ეს ტერმინი – „არალეტალური აკუსტიკური იარაღი” რუსულ სამხედრო-სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია, როგორც ხმოვან და რადიოსიხშირულ ენერგიაზე დაფუძნებული მოწყობილობები, ვინაიდან ორივე იწვევს აკუსტიკურ არტეფაქტებს მსხვერპლის ტვინში.

ასეთი და სხვა მსგავსი ოპერაციები უკავშირდება განყოფილება 29155-ს და მის აგენტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ. ისინი იყვნენ ძალიან ცოტა ხნით ადრე იმ ადგილებში, სადაც მსგავსი თავდასხმები მოხდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ანომალიური შემთხვევები დაფიქსირდა – ანუ „ჰავანის სინდრომი”, როგორც ამას არაფორმალურად აშშ-ის ხელისუფლება უწოდებს.

ჯოი არ არის რუსეთის მიერ წარმართული ასეთი ოპერაციების ერთადერთი მსხვერპლი.

„ჰავანის სინდრომის” პირველი შემთხვევა 2016 წელს გერმანიაში, ფრანკფურტში მოხდა, როცა აშშ-ის აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელმა გონება დაკარგა „რაღაც ძლიერი ენერგიის სხივის მსგავსის” გამო. მოგვიანებით მას ტვინის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს. კვალი აქაც ქვედანაყოფ 29155-ზე გავიდა.

The Insider, 60 Minutes და Der Spiegel მიუთითებენ, რომ GRU-ს ქვედანაყოფ 29155-ის მუშაობის ჩარჩო გლობალურია. „ისინი მთელ მსოფლიოში ატარებენ საბოტაჟის ოპერაციებს ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური ოცნებების ასასრულებლად”.