თბილისში, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. ათასობით ადამიანი შეკრებილია როგორც შენობის წინ, ისე მის უკანა შესასვლელთან.
შეკრებილები რუსულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც ქართულმა ოცნებამ” დღეს, 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო.
სპეცრაზმი პარლამენტის შენობის შიგნით არის მობილიზებული.
„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.
ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.
საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს.