სახ.დეპი: დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანთ პატელმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა ქვეყნის პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით.

მან საქართველოს ხელისუფლებას „დაჟინებით მოუწოდა, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს”.

„ჩვენ ვრჩებით შეშფოთებულები, რომ თუ ეს კანონპროექტი ძალაში შევა, ის მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, რომლებიც მუშაობენ, რათა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესონ და მათ ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება და მედია არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. და ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს და ღირებულებებს და ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ გზაზე”.

17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.

ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.

საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს.